„მხოლოდ მუნდიალს ნუ ითვალისწინებთ“ - ფიგუს ხვიჩა დაავიწყდა
მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ინდივიდუალურად რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა არ შეიძლება, რადგან „ფურია როხამ“ წარმატებას უმეტესწილად გუნდური ფეხბურთის ხარჯზე მიაღწია. ყოველივე აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარი „ოქროს ბურთის“ კანდიდატებზე იწყება, გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება ყველას უჭირს. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ კი, როდესაც ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ საფეხბურთო პრიზზე დაუსვეს შეკითხვა, ასეთი პასუხი გასცა.
ლუიშ ფიგუ
მიუხედავად იმის, რომ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი არ შეუსრულებია, როდრიმ არაჩვეულებრივი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაატარა. მბაპე და მისი ბრწყინვალე თამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე არის იმის გარანტია, რომ კილიანი „ოქროს ბურთის“ მოპოვების ერთ-ერთი პრეტედენტი იქნება. საუკეთესოებს შორის უნდა იყვნენ პსჟ-ის ფეხბურთელები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგეს. სწორედ ამიტომ საჭიროა მთელი წელი გავითვალისწინოთ და არა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატი. ლოგიკურია, რომ მუნდიალმა სასწორი რომელიმე მოთამაშის მხარეს გადაწონოს, მაგრამ ევროპის ქვეყნების ტოპ-ლიგებსა და ჩემპიონთა ლიგაში ნაჩვენები შედეგიც აუცილებლად მხედველობაში უნდა მივიღოთ.
„პარი სენ-ჟერმენი“ ვახსენე და ამ გუნდიდან გამოვყოფდი ვიტინიას და დეზირე დუეს. ამ ორი ფეხბურთელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი არცთუ კარგად წარიმართა, განსაკუთრებით დუესთვის, თუმცა ამ უკანასკნელს აბსოლუტურად ყველა ვერსიით კანდიდატებს შორის შევიყვანდი.
ცნობისათვის, არამხოლოდ „პარი სენ-ჟერმენის“, არამედ მთლიანად ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს, რომელიც პლეი ოფში ზედიზედ გატანილი გოლებით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა, თუმცა ლუიშ ფიგუს „სენ-ჟერმენის“ ხსენებაზე, რატომღაც არა ქართველი ვარსკვლავი, არამედ ვიტინია და დეზირე დუე გაახსენდა.