მბაპემ ოლისე დაითანხმა? - „რეალმა“ პირველი დადებითი სიგნალი მიიღო
მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევს, მაიკლ ოლისეს, კარიერის გაგრძელება მადრიდის „რეალში“ სურს. SPORT BILD-ის ინფორმაციით, 24 წლის ფრანგმა ეს სურვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას საბოლოოდ ჩამოაყალიბა.
წყაროს ცნობით, ოლისემ საკუთარი გეგმების შესახებ საფრანგეთის ნაკრების თანაგუნდელებს უკვე უამბო, თუმცა „ბაიერნის“ ხელმძღვანელობასთან ამ თემაზე ჯერ არ უსაუბრია.
გადამწყვეტი როლი მის გადაწყვეტილებაში კილიან მბაპემ ითამაშა. „რეალის“ ვარსკვლავი და ოლისე ახლო მეგობრები არიან და მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში მბაპე აქტიურად ცდილობდა თანაგუნდელის დარწმუნებას, რომ კარიერა მადრიდში გაეგრძელებინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მბაპე ოლისეს უხსნიდა, რამდენად წარმატებული შეიძლებოდა ყოფილიყო მათი დუეტი „რეალში“, არწმუნებდა, რომ კლუბს სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდება და ასევე მადრიდში ცხოვრების უპირატესობებზეც ესაუბრებოდა.
SPORT BILD-ის ცნობით, საფრანგეთის ნაკრების ესპანეთთან ნახევარფინალში 0:2 დამარცხების შემდეგ მბაპემ „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს აცნობა, რომ ოლისესგან ტრანსფერთან დაკავშირებით დადებითი სიგნალები მიიღო.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემპიონთა ლიგაა. მსოფლიო ჩემპიონატზე იმედგაცრუების შემდეგ ოლისეს სურვილი, რაც შეიძლება მალე მოიგოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, კიდევ უფრო გაძლიერდა. ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ამ მიზნის მიღწევის შანსი „რეალში“ გაცილებით მაღალია, ვიდრე „ბაიერნში“.
ამ ეტაპზე მადრიდულ კლუბს ფეხბურთელთან ან მის გარემოცვასთან ოფიციალური მოლაპარაკებები არ დაუწყია. ამას თავისი მიზეზიც აქვს — ივნისში ფლორენტინო პერესმა და „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, ერთმანეთის ფეხბურთელების მიმართ ინტერესის შემთხვევაში, მეორე მხარეს წინასწარ აუცილებლად აცნობებენ.
„ბაიერნისთვის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ოლისეს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ არის გაწერილი. სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა მარტში განაცხადა:
„მაიკლს ჩვენთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და მასში გამოსასყიდი პუნქტი არ არსებობს. ამიტომ მშვიდად ვართ.“
მიუნხენური კლუბი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სამკვირიანი დასვენების დასრულებისთანავე, ოლისესთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს გეგმავს. SPORT BILD-ის ინფორმაციით, „ბაიერნი“ მზადაა მისი წლიური ხელფასი, რომელიც ამჟამად დაახლოებით 14 მილიონ ევროს შეადგენს, 25 მილიონ ევრომდე გაზარდოს. ასეთ შემთხვევაში მადრიდის „რეალში“ მასზე მეტს მხოლოდ კილიან მბაპე მიიღებს.
თავად ოლისეს კი კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბარი სურს, რათა გაიგოს, რა გეგმები აქვს „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ შეხვედრების შედეგზე იქნება დამოკიდებული, მიმართავს თუ არა ფრანგი ოფიციალურად ტრანსფერის მოთხოვნით კლუბის ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულს.