„მოედანზე და მის მიღმაც სამაგალითოა“ - ლოჩოშვილი ნიურნბერგში წარადგინეს
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „ნიურნბერგში“ გააგრძელებს, რაც დღეს დილით კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა. ბავარიულმა კლუბმა საქართველოს ნაკრების 27 წლის ცენტრალური მცველი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ფლანგზეც ანალოგიური წარმატებით შეუძლია ასპარეზობა, „კრემონეზედან“ დაიმატა.
ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, როგორც ლოჩოშვილის, ასევე „ნიურნბერგის“ სპორტული დირექტორის, იოტი ჰაციელიქსიუს კომენტარები გავრცელდა.
იოტი ჰაციელიქსიუ
მოხარული ვართ, რომ ლუკამ ჩვენ აგვირჩია, რადგან დარწმუნებული ვარ თავისი გამოცდილებით, საფეხბურთო ხარისხითა და ფიზიკური ფორმით, „ნიურნბერგისთვის“ ფასდაუდებელი შენაძენი იქნება. ლოჩოშვილი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ყველასთვის სამაგალითოა.
ლუკა ლოჩოშვილი
საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ისეთი ტრადიციული და ისტორიული კლუბის ნაწილი ხდები, როგორიც „ნიურნბერგია“. მოუთმენლად ველოდები დებიუტს, რადგან დიდი მოტივაციითა და ენთუზიაზმით ვარ სავსე და მსურს საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა ავიღო.
უკვე ცნობილია, რომ ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგში“ 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ბავარიულ გუნდს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი მიროსლავ კლოზე ამზადებს და სავარაუდოდ, ქართველმა მცველმა საბოლოო გადაწყვეტილება ძირითადად ამ გარემოების გამო მიიღო.