დინამომ მესამეზე გადაინაცვლა - კოლხეთის საბედისწერო მარცხი
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXXI ტური დღეს სამი მატჩით დაიწყო. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისის „დინამომ“ საკუთარ სტადიონზე „თელავს“ უმასპინძლა და კახეთის გუნდი ყოველგვარი პრობლემების გარეშე, 3:0 დაამარცხა. 23-ე წუთზე ანგარიში გიორგი გვასალიამ გახსნა, რასაც ზუსტად შვიდ წუთში მასპინძლების საუკეთესო ბომბარდირის, თორნიკე მორჩილაძის მორიგი გოლი მოჰყვა. საბოლოო ანგარიში კი მეორე ნახევრის დასაწყისში ნიკოლოზ ნინუამ თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმით დააფიქსირა.
„კოლხეთმა“ საკუთარ სტადიონზე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, „გარეჯს“ ვერაფერი დაუპირისპირა, 1:3 დამარცხდა და ფოთელებს ბოლო ადგილის დაკავებისგან ახლა მხოლოდ სასწაული თუ იხსნის. არადა მასპინძლები ბოსნიელი ლეგიონერის, ამარ ბეგიჩის ლამაზი გოლით დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ სამი ბურთი გაუშვეს. ჯერ ლევან პაპავამ პენალტით წონასწორობა აღადგინა, შემდეგ ნიკოლოზ კაჭარავამ გამოიჩინა თავი, ხოლო ბოლოს ლუკა თოლორდავამ აიღო მასპინძლების კარი.
წყალტუბოში გამართული „სამგურალი“ – „გაგრას“ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმრები 66-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის მებრძოლმა გიორგი ფანცულაიამ წონასწორობა აღადგინა.
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXXI ტური ხვალ და ზეგ, „დილა“ – „ტორპედოს“ და „დინამო ბათუმი“ – „იბერიას“ მატჩებით დასრულდება.