ცვლილებაზე შესვლიდან ოთხ წუთში - აბუაშვილის სადებიუტო გოლი
უმძიმესი სტარტის შემდეგ, „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სტუმრად „ნანტს“ 2:0 აჯობა, რაშიც გიორგი აბუაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი შეხვედრაში 78-ე წუთზე, თანამემამულე გიორგი წიტაიშვილის ნაცვლად ჩაერთო. ზუსტად ოთხ წუთში კი, მასპინძლების საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ბურთი დაუცველ კარში მშვიდად გადაგზავნა. ძალიან მალე სენეგალელმა ჰაბიბ დიალომაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში 0:2 დააფიქსირა.
აბუაშვილის მოედანზე შესვლამდე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა. საკმაოდ აქტიური იყო მარცხენა ვინგერის პოზიციაზე მოთამაშე გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც ათბალიანი სისტემით 7.1 შეფასება მიიღო.
„ნანტთან“ სტუმრად მოპოვებული გამარჯვების ხარჯზე „მეცმა“ ბოლო ადგილს თავი დააღწია და 8 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო შეხვედრას წიტაიშვილი, აბუაშვილი და მათი თანაგუნდელები საკუთარ სტადიონზე „ნიცასთან“ გამართავენ, რომელიც 9 ნოემბერს, თბილისის დროით 20:15 წუთზე დაიწყება.