„როგორც იქნა, მოვიგეთ“ - ქეცბაიას პირველი გამარჯვება ანორთოსისში დაბრუნების შემდეგ
კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ სტუმრად „კრასავას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 გაიმარჯვა.
შესაბამისად, თემურ ქეცბაიამ ფამაგუსტურ კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი მოიგო და, ამასთან, წაუგებელ თამაშთა სერია სამამდე გაზარდა. ბოლო სამ შეხვედრაში ქართველი მწვრთნელის გუნდს 2 ფრე და 1 გამარჯვება აქვს.
დღევანდელ მატჩში „ანორთოსისმა“ ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე გაიტანა. მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად სტეფანო სენსიმ შეასრულა და „ანორთოსისს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თემურ ქეცბაიამ განვლილი მატჩი ადგილობრივ მედიასთან შეაფასა.
ქეცბაიას კომენტარი:
„როგორც იქნა, თამაში მოვიგეთ. ეს გუნდისთვის უცნაურია, რადგან პირველ გამარჯვებამდე 8 თამაში დაგვჭირდა. რთული პირველი ნახევარი გვქონდა და პანაგიმ დაგვტოვა თამაშში, მეორე ტაიმში კი მეტოქის გუნდიდან კაცის გაძევების შემდეგ, ყველაფერი გამარტივდა. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს, მათთან ერთად მიზანს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, სამარცხვინოცაა, რომ ამ დრომდე ვერაფერს მივაღწიეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დღევანდელი თამაში უფრო მეტ მოტივაციას მოგვცემს. ამ დროისთვის, საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მაგრამ ვართ დიდებული გუნდი. ფეხს უფრო მოვიკიდებთ და ბევრად გაბედულებიც ვიქნებით.“
თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 9 ტურის შემდეგ, ქეცბაიას გუნდი სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-11 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „პაფოსის“ წინააღმდეგ გამართავს.