14-მატჩიანი უგოლო სერიის დასასრული - გულიაშვილმა პოშუშიეს გაუტანა
გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი, წლევანდელ სეზონში კი მეორე გოლი გაიტანა. „სარაევოს“ 24 წლის ქართველ ლეგიონერს ერთადერთი ბურთი უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატ კრაიოვას“ კარში ჰქონდა გატანილი და მას შემდეგ თავის გამოჩენას 14 თამაში ვერ ახერხებდა.
ბოსნიის ჩემპიონატის XIII ტურში „სარაევომ“ სტუმრად „პოშუშიე“ 3:0 დაამარცხა. ანგარიში კი მე-12 წუთზე პენალტით სწორედ გულიაშვილმა გახსნა, რომელიც საქმეში ვიდეორეფერის ჩარევის შედეგად დაინიშნა. დარჩენილ დროში გიორგის თანაგუნდელებმა, კერძოდ კი კარლო ბუტიჩმა და ნერმინ მუჯკიჩმა კიდევ ორი ბურთი გაიტანეს და დედაქალაქის კლუბმა დიდი სხვაობით მოიგო.
 
13 ტურში დაგროვებული 18 ქულით „სარაევო“ ბოსნიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „ზრინსკის“ 9 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში გიორგი გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები „ბორაცს“ უმასპინძლებენ - მატჩი 8 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.