გოჩოლეიშვილს გოლის გატანა შეეძლო - 9-კაციანი ჰამბურგის მარცხი კიოლნთან
გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში, გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ სტუმრად „კიოლნს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:1 დამარცხდა.
ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 77-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 2:1 იყო.
„ჰამბურგისთვის“ დღევანდელი მატჩი მძიმე გამოდგა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 48-ე წუთისთვის 2:0 აგებდა, 61-ე წუთზე კი სტუმრებმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს. ამ გოლის შემდეგ, „ჰამბურგი“ აქტიური იყო და თითქოს, მუხტიც დაიჭირა, თუმცა გიორგი გოჩოლეიშვილის შემოსვლიდან 2 წუთში, მთავარმა მსაჯმა მოედნიდან „ჰამბურგის“ ნახევარმცველი, ემანუელ პერაი გააძევა, ორიოდე წუთში კი წითელი ბარათი სტუმართა კიდევ ერთ ფეხბურთელს, ფაბიო ვიეირას უჩვენა. საგულისხმოა, რომ ემანუელ პერაი მოედანზე გიორგი გოჩოლეიშვილთან ერთად შემოვიდა და 78-ე და 79-ე წუთებზე მიღებული ყვითელი ბარათებით მსაჯს თავი გააგდებინა.
შედეგად, „ჰამბურგს“ 9 კაცით მოუწია თამაშის გაგრძელება და ბევრი მომენტის შექმნა ვეღარ შეძლო. ერთადერთი რეალური მომენტი 82-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილს ჰქონდა, თუმცა ქართველის დარტყმა „კიოლნის“ კარს მცირე მანძილით ასცდა.
დარჩენილ დროში „კიოლნმა“ სტუმართა კარში კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ, 4:1 გაიმარჯვა.
გიორგი გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში „ჰამბურგის“ მაისურით მე-6 შეხვედრა ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 9 ტურის შემდეგ მისი გუნდი სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-13 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ბორუსია დორტმუნდთან“ გამართავს.