ბარსელონა მურსიასთან დამარცხდა - შენგელია ყველაზე შედეგიანი იყო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში წლევანდელ სეზონში „ბარსელონა“ ძალიან ცუდ შთამბეჭდილებას ტოვებს და ამჯერადაც დამარცხდა. კატალონიურმა გრანდმა საკუთარ დარბაზში „მურსიასთან“ 3-ქულიანი სხვაობით, 78:81 წააგო, თორნიკე შენგელია კი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.
საქართველოს ნაკრების 34 წლის კაპიტანმა 25 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მან საშუალო დისტანციიდან 55-პროცენტიანი (11-დან 6), საჯარიმოები კი 82-პროცენტიანი (11-დან 9) სიზუსტით ისროლა. თოკოს პერიმეტრიდან ჩაგდების ხუთი მცდელობა ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ ყველა მათგანი არაზუსტი აღმოჩნდა. სამივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს.
მომდევნო შეხვედრას თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები პარასკევს, 7 ნოემბერს ევროლიგაში საკუთარ დარბაზში „რეალთან“ გამართავენ.