საგოლე მოქმედება ზედიზედ მე-3 მატჩში | გაგუას გოლი სლოვაკეთში
სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის მე-13 ტურში „დუნაისკა სტრედამ’’ შინ „კოშიცეს’’ 3:1 მოუგო.
37-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ მეტოქის ნახევარზე იაქტიურა, მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, რის გამოც არბიტრმა „კოშიცეს'' ფეხბურთელი გააძევა.
62-ე წუთზე ცოტნე კაპანაძის ჩაწოდებისა და ამმარ რამადანის პასის შემდეგ გიორგი გაგუამ თავით გაიტანა და „დუნაისკა სტრედა’’ დააწინაურა - 2:1. გაგუამ და ამპლუით მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ სასტარტოში ითამაშეს, გაგუა მცირე ტრავმის გამო 89-ე წუთზე შეცვალეს.
გაგუამ სლოვაკეთის თასზე ორივე ჩატარებულ მატჩში შეაგდო, სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში პირველად გაიტანა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში გაგუა სასტარტო 11-ეულში რამდენიმემატჩიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მას შემდეგ რაც „ჟილინასთან’’ და „მიხალოვცესთან’’ ცვლილებაზე გამოვიდა და ორივე მატჩში საგოლე პასი შეასრულა. ამ პასებს დღევანდელ მატჩში გოლი მოჰყვა. მოკლედ, ზედიზედ სამი მატჩია მოედანს საგოლე მოქმედების გარეშე არ ტოვებს.
24 წლის ფორვარდმა შედეგიანობას უნდა უმატოს, სლოვაკეთის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდებს უნდა გაუტანოს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი ეროვნული ნაკრების კონკურენციაში შესვლა და შემდგომი კარიერული პროგრესი.
საერთო ჯამში ამ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატსა და თასზე 15 მატჩში 5 საგოლე მოქმედება დაუგროვდა (3 გოლი და 2 საგოლე პასი).
ამ მომენტში „დუნაისკა სტრედა’’ 25 ქულით მესამე ადგილზეა (7 მოგება, 4 ფრე, 2 მარცხი).