ჯოკოვიჩს სამ სეტში მოუგო | სინერი უიმბლდონის ფინალში გავიდა
უიმბლდონის მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს იანიკ სინერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ. იტალიელმა ჩოგბურთელმა ფენომენალური თამაში აჩვენა და სერბი მეტოქე სამ სეტში დაამარცხა.
სინერმა პირველი სეტი შესანიშნავად დაიწყო და 1:1-ზე ბრეიკპოინტი გამოიყენა. იანიკს საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია და ჯოკოვიჩის მეორე მოწოდებაც აიღო - 6:3. მეორე სეტი იმავე სცენარით დაიწყო. სინერმა ზედიზედ სამი გეიმი დაისაკუთრა და პარტია 6:3 დახურა.
მესამე სეტის სტარტზე უპირატესობას ჯოკოვიჩი ფლობდა. „ნოლემ“ ზედიზედ სამი გეიმი დაისაკუთრა, თუმცა იანიკმა სეტში გარდატეხა შეიტანა. იტალიელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 5 გეიმი აიღო, შემდეგ კი საკუთარ მოწოდებაზე მატჩბოლიც გამოიყენა - 6:4.
ცნობისთვის, უიმბლდონის ფინალში სინერის მეტოქე კარლოს ალკარასი იქნება. ესპანელმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ტეილორ ფრიცს მოუგო. ალკარასს სინერისთვის ბოლო სამი ფინალი აქვს მოგებული, მათ შორის როლან გაროსი, და იანიკს რევანშის აღების შანსი ექნება.