ვან გაალმა სიმსივნე დაამარცხა - ნიდერლანდელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება
ცნობილმა ნიდერლანდელმა საფეხბურთო სპეციალისტმა ლუი ვან გაალმა კიბო დაამარცხა და ცხოვრების ძველებურ რიტმს უბრუნდება. ამის თაობაზე 73 წლის მწვრთნელმა განცხადება თავად გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა და იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით ნერვიულობა აღარ მოუწევს.
ორი წლის წინ ვან გაალს სიმსივნე შარდის ბუშტთან მდებარე წინამდებარე ჯირკვალთან აღმოუჩინეს, რის გამოც რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწია. როგორც აღმოჩნდა, ქირურგიულმა ჩარევამ და მკურნალობამ სათანადო შედეგი გამოიღო და წარმონაქმნი დაპატარავდა, რის გამოც ვან გაალს ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებაც აღარ დასჭირდება და ახლა თვეში ერთხელ მედიკოსებთან პროფილაქტიკური ვიზიტებით შემოიფარგლება.
ცნობისათვის, ამჟამად ლუი ვან გაალი „აიაქსში“ მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ სამსახურს რომელიმე ტოპ-ნაკრები შესთავაზებს.