ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

საიდუმლო ვარჯიშები, კამათი აბრამოვიჩთან და ქველმოქმედება - უცნობი ფაქტები ჟოზე მოურინიოზე

ჟოზე მოურინიო გულშემატკივართა ნაწილის საფეხბურთო გემოვნებაში ჯდება, ნაწილი კი მას ყოველთვის ანტიფეხბურთის მქადაგებლად მიიჩნევდა, თუმცა ერთ რამეზე ყველა თანხმდება - პორტუგალიელი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელმაც როგორც „პორტუს“, ასევე „ჩელსის“, „ინტერისა“ და „რეალის“ ქომაგებს დაუვიწყარი წლები აჩუქა. მართალია, ბოლო პერიოდში სამწვრთნელო კარიერაში კრიზისი დაეწყო და ძველებურად წარმატებული ვეღარ არის, მაგრამ მის კლასს ეჭვის ქვეშ მაინც არავინ აყენებს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელიც ახლა სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ უდგას სათავეში, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში „პორტუს“ 2-ჯერ პრიმეირა ლიგა (2003, 2004), თითოჯერ კი ქვეყნის თასი (2003), ქვეყნის სუპერთასი (2003), უეფას თასი (2003) და ჩემპიონთა ლიგა (2004) მოაგებინა. „ჩელსიში“ მუშაობისას, „არისტოკრატები“ 3-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგაში (2005, 2006, 2015), ამდენჯერვე ქვეყნის ლიგის თასზე (2005, 2007, 2015), თითოჯერ კი ქვეყნის ასოციაციის თასსა (2007) და ქვეყნის სუპერთასზე (2005) გააჩემპიონა. „ინტერში“ მწვრთნელობის პერიოდში, სეუ ჟოზემ 2009-2010 წლებში ნერიაძურის ტრიპლეტი შეასრულებინა, საერთო ჯამში ლომბარდიელებს ორჯერ სკუდეტო (2009, 2010), თითოჯერ კი კოპა იტალია (2010), იტალიის სუპერთასი (2008) და ჩემპიონთა ლიგა (2010) მოაპოვებინა. ამას მოჰყვა „რეალის“ რიგებში მოგებული ლა ლიგა (2012), კოპა დელ რეი (2011) და ესპანეთის სუპერ თასი (2012). სამეფო კლუბის მსგავსად, მოუმ „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ სამი ტიტული დაისაკუთრა და ოქროს მედალი ქვეყნის ლიგის თასზე (2017), ქვეყნის სუპერთასსა (2016) და ევროპა ლიგაზე (2017) მოიგო, ხოლო „რომას“ ისტორიაში პირველად ევროტურნირებზე ტრიუმფში დაეხმარა და მისი მომზადებული „ჯალოროსი“ 2022 წელს კონფერენს ლიგის თასის მფლობელი გახდა.

სამწვრთნელო კარიერის მანძილზე და მის დაწყებამდეც ჟოზე მოურინიოს ცხოვრებაში უამრავი არაორდინალური ამბავი მომხდარა, რომელთა შესახებაც ცალ-ცალკე შესაძლოა ქომაგს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდეს, თუმცა გაერთიანებული მასალის გაცნობა ვფიქრობთ, ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს.

საინტერესო ფაქტები ჟოზე მოურინიოზე

დედამ თავიდანვე შეამჩნია, რომ პატარა ჟოზე პერფექციონისტი - სისუფთავისა და წესრიგის მოყვარული ადამიანი იზრდებოდა, რის შესახებაც როგორც მეგობრებთან, ასევე ნათესავებთან სიამაყით საუბრობდა.

ბავშვობაში რვეულის გარეშე მისი წარმოდგენა შეუძლებელი გახლდათ, სადაც საკუთარ იდეებს სხვადასხვა თემებზე იწერდა, მოგვიანებით კი ტაქტიკური ჩანაფიქრების მოსანიშნად და სხვადასხვა ფეხბურთელებზე ინფორმაციების შესანახად იყენებდა.

მწვრთნელობის დაწყებამდე ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი იყო და ხუთი წლის განმავლობაში გოგონებს ავარჯიშებდა. მისი ყოფილი შეგირდი იხსენებს: „მის გამოჩენამდე ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე სიარული ყველას გვეზარებოდა და რომ არ წავსულიყავით, ექიმთან ვიზიტს ვიმიზეზებდით, ჟოზემ კი ყველას ვარჯიში დაგვაწყებინა“.

ძალიან უყვარს ჭადრაკი, რომელსაც ტაქტიკური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის იდეალურ ვარჯიშად აღიქვამს და ასისტენტებს ხშირად ეთამაშება.

ცნობილი პორტუგალიელი მწერლის ლუიშ ლორენსუს მიერ მასზე დაწერილი წიგნი არ მოეწონა და სასამართლოს გზით შეეცადა გაყიდვაში არ ჩაეშვათ, მაგრამ ჟოზე გაამტყუნეს და ფარ-ხმალი დაყარა.

17 წლის ასაკში „ბელენენსეშში“ თამაშობდა და პორტუგალიის თასზე სამოყვარულო გუნდის წინააღმდეგ მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

19 წლის ასაკში „რიუ ავეს“ 16-წლამდე გუნდის მწვრთნელად დაიწყო მუშაობა.

სხვადასხვა მატჩებს არა VIP-ლოჟაში, არამედ გულშემატკივრების გარემოცვაში ესწრებოდა, რათა ვერავის შეემჩნია.

ბობი რობსონმა ასისტენტის როლი შესთავაზა იმ პირობით, რომ ორ წელიწადში მთავარ მწვრთნელობას ჩააბარებდა, მაგრამ მაშინ ჟოზემ დამოუკიდებლად მწვრთნელობისთვის საკუთარი თავი მომწიფებულად ჩათვალა და „ბენფიკას“ წინადადებას დათანხმდა.

რობსონმა მოურინიოს სთხოვა არავისთვის ეთქვა, რომ კატალონიური ენა იცოდა, რადგან ამის მერე ჟოზეს „ბარსელონას“ ხელმძღვანელების საუბრის მოსმენას ავალებდა, რათა მოეყოლა მისთვის რაზე ლაპარაკობდნენ მის ზურგსუკან ისინი.

ჟოზე და სერ ბობი რობსონი „ბარსაში“ მუშაობის დროს

მოურინიო შვიდ ენას ფლობდა: პორტუგალიურს, გერმანულს, ინგლისურს, ესპანურს, კატალონიურს, იტალიურსა და ფრანგულს. 2020 წელს „ტოტენჰემში“ მუშაობისას კი, კორეულიც ისწავლა, რათა გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ჰონგ-მინ სონთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონოდა.

მეუღლისთვის ლექსები ჰქონდა დაწერილი, თუმცა შემდეგ თავი უხერხულად იგრძნო და ისინი დაწვა.

„ბარსელონაში“ მუშაობის დროს თან ატარებდა დღიურს, სადაც ჩაწერილი ტაქტიკური იდეები „პორტუში“ გამოიყენა.

„ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ 77 დღე იმუშავა, რადგან კლუბის შეფებთან სატრანსფერო პოლიტიკის საკითხებზე და ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდა.

2004 წლის „პორტუ“ – „მონაკოს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ჟოზე მოურინიომ სახელმწიფო ორგანოებს მისი ცოლ-შვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა, რადგან „ბენფიკას“ ქომაგები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პერიოდულად ფეხბურთელებს ატყუებდა და ეუბნებოდა, რომ სახლში მიდიოდა, საწვრთნელ პროცესს კი მისი ასისტენტები უხელმძღვანელებდნენ. ამ დროს სინამდვილეში ჟოზე კლუბის ავტობუსში ჯდებოდა და ჩუმად აკვირდებოდა რომელი მოთამაშე როგორ ვარჯიშობდა.

„მონაკოს“ დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ გასახდელში იმპროვიზირებული ცეკვა შეასრულა, რაც ფეხბურთელებს სასიამოვნოდ გაუკვირდათ.

2004 წელი - ჟოზეს პირველი ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაში

ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ, „პორტუს“ ყველა ფეხბურთელი თავის დამზადებულ სადილზე მიიპატიჟა, რათა მათთან მეგობრობა გაემყარებინა.

როდესაც თამაშის დროს წვიმისგან დასველებული „პორტუს“ მცირეწლოვანი გულშემატკივარი დაინახა, საკუთარი ქურთუკი აჩუქა.

კლუბის სკაუტებმა ჟოზე მოურინიოს 15 წლის ფეხბურთელის დამატება ურჩიეს. მან კი პერსპექტიული მოზარდის თამაშის სანახავად საკუთარი ავტომობილით 320 კილომეტრი დაფარა, თუმცა არ მოეწონა და მის დამატებაზე უარი თქვა.

2003-2004 წლების სეზონისას, ყველა თამაშზე „პორტუს“ პატარა გულშემატკივრის მიერ ნაჩუქარი თილისმით დადიოდა, რადგან სჯეროდა რომ მისთვის წარმატება მოჰქონდა და საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, „პორტუს“ ფეხბურთელებს შორის ვიქტორინა მოაწყო - შეკითხვები შეეხებოდა მომავალი მეტოქის მოთამაშეებზე ინფორმაციას და გამარჯვებულს საჩუქრად ჟოზემ დამატებითი დასვენების დღე მისცა.

„მონაკოსთან“ ფინალის წინ, „პორტუს“ ყველა ფეხბურთელთან ერთად ეკლესიაში ილოცა.

„ჩელსის“ ფანებისგან ნაჩუქარი მადლობის წერილი ჩარჩოში ჩასვა და საკუთარ კაბინეტში ჰქონდა გამოკრული.

ლონდონურ გუნდში მუშაობისას თამაშებზე ყოველთვის ერთი და იგივე წინდებს იცვამდა, რადგან სჯეროდა ამას მისთვის წარმატება მოჰქონდა.

მოუცლელობის გამო, „არისტოკრატების“ მწვრთნელობის პერიოდში კიდევ ერთი ასისტენტი დაიქირავა, რომელსაც თითოეული ფანისგან გაგზავნილი წერილის მისთვის გაცნობა და პასუხის მიწერა ევალებოდა.

სავარაუდო ტაქტიკურ სქემაზე „ჩელსის“ ავტობუსის მძღოლსაც ესაუბრებოდა, რადგან სურდა რაც შეიძლება მეტი ადამიანის აზრი გაეგო.

ერთხელ „ჩელსის“ ყველა ფეხბურთელს რვეული გადასცა, სადაც მათ სათამაშო ხარისხზე და იმ როლზე ეწერა, რაც ეკისრებოდათ.

შეიჭრა ღამის კლუბში, სადაც „ჩელსის“ ფეხბურთელები გამარჯვებას აღნიშნავდნენ. ჯერ მათთან ერთად იცეკვა, ხოლო შემდეგ მისი მოთხოვნით მუსიკა გამორთეს და მოურინიომ პროფესიონალიზმზე ლექცია წაიკითხა.

მეუღლე მატილდამ იმის გამო, რომ ჟოზე სამი საათი ფეხბურთზე ელაპარაკებოდა, ქმარი ავტოფარეხში გააგდო და ღამის გათენება იქ მოუწია.

მოურინიო მეუღლესთან ერთად

„პორტუ“ – „მონაკოს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ერთ-ერთმა რეჟისორმა ფილმში ეპიზოდური როლის თამაში შესთავაზა, რაზეც ჟოზესგან ასეთი პასუხი მიიღო: „კინოში მხოლოდ საკუთარ თავს განვასახიერებ და მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდები, თუ ალ პაჩინოსთან ერთად ვითამაშებ“.

„ინტერთან“ ერთად შესრულებული ტრიპლეტის შემდეგ, სასტუმროს ნომერში ჩაიკეტა და სიხარულისგან მთელი ღამე ტიროდა.

იტალიური ენა სამ კვირაში ისწავლა და ნერიაძურის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველივე პრესკონფერენციაზე იტალიურად ისაუბრა.

სასტუმროს ნომრის აღების დროს, ყოველთვის ყალბი სახელით რეგისტრირდებოდა და ძირითადად ჟოზე ფელიქსს იღებდა, რაც თავისი (ჟოზე) და მამის (ფელიქსი) სახელის სინთეზს წარმოადგენდა.

რესტორანში ვახშმობისას, თავში ერთი ტაქტიკური იდეა მოუვიდა, რომელიც პირსაწმენდზე დაწერა, თან წაიღო და 2011 წელს „ბარსელონასთან“ შეხვედრაში გამოიყენა.

ისევ ინახავს იმ ბურთს, რომელიც 10 წლის ასაკში მამამ აჩუქა.

„პორტუსთან“, „ჩელსისთან“ და „ინტერთან“ კონტრაქტებს ხელი ჟოზემ ერთი და იგივე ავტოკალმით მოაწერა.

ნერიაძურისთან ხელშეკრულების გაფორმებით მიღებული ბონუსი მთლიანად მილანის ბავშვთა საავადმყოფოში გადარიცხა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში მალავდა იქამდე, სანამ კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა ეს ყველაფერი მოურინიოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნა.

ტაქტიკის შეცვლას თამაშის მიმდინარეობისას თუ გადაწყვეტდა, ამას ფეხბურთელებს კოდირებული სიტყვით, სახელწოდებით „ცისფერი ცა“ გადასცემდა.

ჟურნალისტების მეშვეობით, ერთ-ერთი მატჩის წინ არასწორი შემადგენლობა გაავრცელა, რითაც მეტოქე გუნდის ბანაკში დაბნეულობა შეიტანა.

ჟოზეს მორიგი საქველმოქმედო ნაბიჯი - მონაწილეობა მიიღო 5-კილომეტრიან გარბენში და ბოლო ადგილი დაიკავა.

საკმაოდ ხშირად დილის 6 საათზე საიდუმლო ვარჯიშებს ატარებდა, რათა წვრთნას ჟურნალისტები არ დასწრებოდნენ. ეს ყველაფერი ფეხბურთელებს არ მოსწონდათ, მაგრამ მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ.

ერთ-ერთი საიდუმლო ვარჯიშის დროს

„რეალის“ ბევრი ფეხბურთელი მოურინიოს სატელეფონო ზარს შუაღამეს გაუღვიძებია და პორტუგალიელი მათ სხვადასხვა სათამაშო სქემებზე ესაუბრებოდა.

2010 წელს, საფეხბურთო ფილოსოფიებზე სასაუბროდ, პეპ გუარდიოლასთან საიდუმლო შეხვედრა გამართა.

მისი უშუალო მითითებებით, „რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე, „ვალდებებასზე“ მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟეს.

„რეალის“ ფეხბურთელებს ვარჯიშზე ერთი წუთით დაგვიანებისთვისაც კი აჯარიმებდა და მათთვის ჩამოჭრილი თანხა მთლიანად საქველმოქმედო ფონდში ირიცხებოდა.

ერთხელ, ქუჩაში გულშემატკივრებთან ავტოგრაფების დარიგების დროს, მოურინიოს დაცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაშავდა - მას დანით 4-სანტიმეტრიანი ჭრილობა მიაყენეს.

კრიშტიანუ რონალდუსთან ჯენტლმენური შეთანხმება ჰქონდა დადებული, რომლის მიხედვითაც ისინი ერთმანეთს საჯაროდ არასოდეს გააკრიტიკებდნენ.

იმის გამო, რომ მისი ერთ-ერთი ციტატა დაამახინჯეს და საზოგადოებასთან არასწორი ფორმით მიიტანეს, ჟურნალისტებს ერთი წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა.

„ჩელსი“ – „ლივერპულის“ მატჩის დროს, ბრანისლავ ივანოვიჩსა და მარკ შვარცერს ყვითელი ბარათების სპეციალურად მიღება სთხოვა, რამაც მერსისაიდული გრანდის ფეხბურთელები უზომოდ გააღიზიანა.

ჯონ ტერისა და გარი კეჰილს დაემუქრა, რომ თუ თამაშის ხარისხს არ მოუმატებდნენ, რაფაელ ვარანს შეიძენდა.

ჯენიფერ ენისტონთან დაშორების გამო ბრედ პიტს იდიოტი უწოდა.

შხაპის მიღების დროს, შიშველ ფრენკ ლამპარდს შეუვარდა და ასეთი სიტყვები უთხრა: „შენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხარ და წელს ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგო“.

როდესაც რომან აბრამოვიჩს ჟოზე მოურინიომ მაშინ ყველასთვის უცნობი დიდიე დროგბას დამატება მოსთხოვა და რუსი ბიზნესმენი შეეწინააღმდეგა, ჟოზემ მკაცრად მიუგო: „მოთხოვნილი ფული გადაიხადე და აღარ შემეკამათო“.

რომან აბრამოვიჩთან ერთად

ერთხელ ლასანა დიარას აგენტი საჯაროდ ასე გააკრიტიკა: „თუ ლასს ძირითადში დავაყენებ და კარგად ითამაშებს, მისი აგენტი მეორე დღესვე ახალი კონტრაქტის გაფორმებას და ხელფასის მომატებას ითხოვს, ხოლო თუ დიარა ცუდად თამაშობს, გუნდიდან წასვლით გვემუქრებიან“.

„რეალში“ მუშაობისას ერთხელ პედრო ლეონს უთხრა, რომ მთელი გუნდი ავიაკატასტროფაში რომც დაიღუპოს, ის ძირითად შემადგენლობაში მაინც ვერ მოხვდება.

„კლასიკოების“ წინ „რეალის“ ფეხბურთელებს არიგებდა, რომ ლიონელ მესის სახეში რაც შეიძლება ხშირად და უხეშად შეხებოდნენ.

ვარჯიშებზე მუდმივი დაგვიანების გამო, მარკო არნაუტოვიჩს საკუთარი საათი აჩუქა. ერთხელ ავსტრიელმა გამოსწორება გადაწყვიტა და ბაზაზე ნახევარი საათით ადრე მაინც და მაინც იმ დღეს მივიდა, როდესაც ვარჯიში გადაიდო, მარკომ კი ამის შესახებ არაფერი იცოდა და მის დანახვაზე ჟოზეს სიცილი აუტყდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები „უოტფორდთან“ გასვლით მატჩზე სათამაშოდ არა კლუბის ავტობუსით, არამედ რიგითი მატარებლით წაიყვანა, რათა მათთან სასაუბროდ უფრო მეტი დრო ჰქონოდა, თუმცა ჟოზე ექსპერიმენტმა არ გაამართლა და „მანკუნიანელები“ „ვიკარეიჯ როუდზე“ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დამარცხდნენ.

გაბრაზებულ ჟოზეს სურდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეები კომფორტის ზონიდან გამოეყვანა და სასტუმროს ავტოსადგომზე ავარჯიშა.

„მანჩესტერის“ მომავალი მეტოქის, „ცრვენა ზვეზდას“ თამაშის სანახავად წასულ ჟოზე მოურინიოს მანქანას გზაში საბურავი გაუსკდა, რაც ახლაც ჰგონია, რომ მოუწყვეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მესის, მენოტის და ბიელსას ქალაქიდან - ვინ არის პორტუს ახალი მწვრთნელი
მესის, მენოტის და ბიელსას ქალაქიდან - ვინ არის პორტუს ახალი მწვრთნელი