მოურინიოს წინააღმდეგ წავიდა - გატუზოს დანიშვნა ბუფონის იდეა იყო
„ჟოზე მოურინიო რომ ახლა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ არის, ეს ჯანლუიჯი ბუფონის დამსახურებაა“ - ასეთი სათაურით დაიბეჭდა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ იტალიურ გამოცემა La Repubblica-ში სტატია, სადაც „სკუადრა აძურაში“ მიმდინარე მოვლენებზე იყო ყურადღება გამახვილებული. სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, სტატიის ავტორი წერს, რომ სანამ ჯენარო გატუზოსთან მოლაპარაკებებს დაიწყებდნენ, ნაკრების ჩაბარების მთავარ კანდიდატად მოურინიო განიხილებოდა.
როგორც ირკვევა, იტალიის ეროვნული გუნდის ტექნიკური სპონსორის, Adidas-ის წარმომადგენლები ჟოზეს მიყვანას ემხრობოდნენ და მზად იყვნენ პორტუგალიელის ხელფასის ნაწილი თავად დაეფარათ, თუმცა სწორედ ამ დროს საქმეში ბუფონი ჩაერთო, რომელიც იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობს. ჯიჯი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ახლა „აძურას“ მხოლოდ და მხოლოდ იტალიელი სპეციალისტი სჭირდებოდა, რომელიც გუნდს ძველ იდენტობას დაუბრუნებდა.
სხვათა შორის, მოურინიოს ვარიანტის ჩაშლის შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები რობერტო მანჩინის დაბრუნებასაც განიხილავდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში ბუფონი კიდევ უფრო კატეგორიული იყო და როგორც ირკვევა ხელმძღვანელებს ულტიმატუმიც წაუყენა, რომ მანჩინის მოსვლის შემთხვევაში, დაკავებულ თანამდებობას დატოვებდა.