„შიმკენტში ოვერტაიმს ვვარაუდობ“ - ყაზახი ჟურნალისტი ტორპედოსა და ქართულ ფეხბურთზე
„შენგელია არენაზე“ გამართული „ტორპედო“ – „ორდაბასის“ (4:3) უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი ისეთი გამოვიდა, გულშემატკივარს მოწყენის საშუალება წუთითაც არ მისცემია. ქართველი ფეხბურთელებისა და ქომაგების განწყობისა თუ ემოციების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება, ხოლო თუ როგორია ყაზახური მედიის შეფასებები, ეს ალბათ ჩვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს. იქაური ჟურნალისტებიდან ყველაზე მეტად ობიექტურობა ერთ-ერთი ყაზახური Youtube-არხის კორესპოდენტმა, ალექსანდრ გრუდნევმა შეინარჩუნა, რომლის კომენტარიც ასეთი გახლდათ:
„დაფიქსირებული შედეგი ცუდი ნამდვილად არ არის და ტრაგედია არ მომხდარა. გახსნილ, სანახაობრივ მატჩში შეცდომები ორივე გუნდმა დაუშვა და უფრო მეტად მასპინძლებს გაუმართლათ, რის ხარჯზეც გამარჯვება მოიპოვეს.
„ტორპედო“ ამ ეტაპზე საქართველოში ერთადერთი გუნდია, რომელიც ფინანსურად მყარად დგას ფეხზე და მისი არამხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელ ქვეყანაში ეიმედებათ. თანაც ამ გუნდს შიდა ასპარეზზე საქმეები კარგად არ მისდის და მთელ კონცენტრაციას ევროტურნირზე ახდენს.
არ მესმის ჩემი თანამემამულეების, რომლებიც ქუთაისში წაგებას ყაზახური ფეხბურთის სირცხვილად თვლიან - თქვენი საქციელი უსაფუძვლო პოპულიზმია და სხვა არაფერი. „ტორპედოსა“ და „ორდაბასის“ სახით უპირისპირდებოდნენ ორი თანაბარი ძალისა და თანაბარი სატრანსფერო ღირებულების მქონე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები და სხვა რისი მოლოდინი გქონდათ?
ერთსაც გეტყვით - ისეთი კლასის ფორვარდები, როგორიც „ტორპედოს“ შემადგენლობაში ასპარეზობენ, ყაზახეთის ჩემპიონატში მხოლოდ „კაირატსა“ და „ასტანას“ თუ ჰყავს. იგივე ბიორნ იონსენი - გასაგებია, რომ ტოპ 5 ლიგაში არ უასპარეზია, მაგრამ ზურგს ნიდერლანდების ერედივიზიონში თამაშის გამოცდილება უმაგრებს. გარდა ამისა ქუთაისელებს ამზადებთ გერმანელი სპეციალისტი დირკ შუსტერი, რომელმაც „ორდაბასი“ კარგი ტაქტიკური სვლებით ფაქტობრივად დაშალა.
რა იქნება შიმკენტში? ფრთხილი თამაში და ნაკლები გოლები. არ გამოვრიცხავ, შეხვედრა ოვერტაიმშიც გადავიდეს, თუმცა „ორდაბასი“ სტანდარტულების დროს ფრთხილად უნდა იყოს და გაითვალისწინოს, რომ „ტორპედოს“ სწრაფი შემტევები, რომლებიც კონტრშეტევებზე უკიდურესად საშიშები იქნებიან“.
ცნობისათვის, „ორდაბასი“ – „ტორპედოს“ საპასუხო მატჩი 17 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით, 20:00 საათზე აიღებს სტარტს.