„მიჭირს გადაჭრით თქმა, მაგრამ ახალი სისხლი საჭიროა“ - შაშიაშვილი სანიოლსა და ნაკრებზე
საქართველოს ეროვნულ გუნდს ასეთი მძიმე სანაკრებო ფანჯარა დიდი ხანია არ ჰქონია. მეტოქეების სიძლიერიდან გამომდინარე, ესპანეთთან (0:2) და თურქეთთან (1:4) განცდილი მარცხებისგან ერთი შეხედვით ტრაგედია არავის უნდა შეექმნა, თუმცა ქართველი ფეხბურთელების ძალიან ცუდმა თამაშის ხარისხმა უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა.
როგორც ასეთ დროს ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ამჯერადაც ყველაზე დიდი კრიტიკა წილად მთავარ მწვრთნელს შეხვდა - ვილი სანიოლის განთავისუფლებას უკვე ძალიან ბევრი ითხოვს და მოცემულ შემთხვევაში საქმეში კარგად ჩახედული ადამიანების მოსაზრების მოსმენა უდავოდ საინტერესოა. ვეტერანმა ფეხბურთელმა გიორგი შაშიაშვილმა, რომელიც ახლა მწვრთნელობით არის დაკავებული, Crystalport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განვლილი თამაშები საინტერესოდ გაანალიზა და არც სანიოლთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისთვის აურიდებია თავი.
გიორგი შაშიაშვილი
სამწუხაროდ, ორივე შეხვედრაში უშანსოდ დავმარცხდით. ესპანეთთან თუ კიდევ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ თამაში დავმალეთ და უმთავრეს მიზანს რაც შეიძლება ნაკლები ბურთის გაშვება წარმოადგენდა, თურქეთთან ძალიან უსუსურად გამოვიყურებოდით და პირველ ტაიმში ერთი ხეირიანი შეტევაც კი არ გვქონია - არადა ამ თამაშში ქულაც არ გვყოფნიდა და გამარჯვებისთვის უნდა გვებრძოლა.
ბევრი საუბარი მიდის იმის თაობაზე, ვის უნდა ეთამაშა და ვის არა, თუმცა ნაკრებს ჰყავს მთავარი მწვრთნელი და მან ყველაზე კარგად იცის რომელი ფეხბურთელი იმყოფებოდა უკეთეს კონდიციაში მოცემულ მომენტში.
საბოლოოდ გამოჩნდა ის, რომ ფუჭი ილუზიები შევიქმენით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და ამ დონისთვის მზად არ ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ სანაკრებო ტურნირებზე მოხვედრას ისევ ერთა ლიგის გზით უნდა ვეცადოთ.
ამას დაემთხვა ცალკეული ფეხბურთელების პრობლემებიც - ხვიჩა კვარაცხელიას ეტყობოდა, რომ დიდი პერიოდი გაუცდა. ხშირად თამაში კლუბში არც გიორგი ქოჩორაშვილს უწევს, გურამ კაშია თურქებთან საერთოდ არ იყო და ლუკა ლოჩოშვილისა და საბა გოგლიჩიძის დუეტს, რომლებიც ერთად თუ არ ვცდები პირველად თამაშობდნენ, ძალიან გაუჭირდა.
ამოწურა თუ არა ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში თავის შესაძლებლობები? სიმართლე გითხრათ, მის ადგილზე მე რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა პოსტი მაშინვე დამეტოვა, როგორცკი ევროპირველობის საგზური მოვიპოვე. რატომ? იმიტომ, რომ რთულია ჩვენნაირი ნაკრების მწვრთნელობა. გარდა ამისა, რთული ერი ვართ, მომთხოვნი გულშემატკივრებით, რომელთათვისაც დღეს თუ საფეხბურთო ღმერთი ხარ, ხვალ გასაშვებად გწირავენ.
მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვაღიაროთ - ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება და ამას ყოველთვის ვამბობ ხოლმე, როდესაც წარუმატებელი თამაშებია. ახალ სისხლში ფეხბურთელები და მწვრთნელი იგულისხმება და რადგანაც ფეხბურთელებს ვერ გამოვცვლით, იქნებ სანიოლის შემცვლელის მოყვანა იყოს გამართლებული.
გადაჭრით ვერაფერს იტყვი - არც იმას გამოვრიცხავ ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებში ისევ დაიჭიროს ის ნიშა, რის ხარჯზეც მიაღწია ისეთ შედეგს, რომელიც ჩვენს გუნდში მასზე სახელოვან მწვრთნელებსაც არ უჩვენებიათ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ნოემბერში ესპანელებთან (შინ) და ბულგარელებთან (სტუმრად) მატჩებით დაასრულებს.