უეფამ კრისტალ პალასი ევროპა ლიგიდან გარიცხა - მათ და ლიონს ერთი და იგივე მფლობელი ჰყავთ
„კრისტალ პალასი“ ევროპა ლიგაზე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ უეფამ ოფიციალურად განაცხადა.
ლონდონური კლუბი ევროპა ლიგაზე FA თასზე გამარჯვების შედეგად მოხვდა, თუმცა კლუბის მთავარი აქციონერი ჯონ ტექსტორი ლიონის საკონტროლო წილის მფლობელია, რომელმაც ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება ასევე მოიპოვა. ამ ფაქტმა კი „კრისტალ პალასისთვის“ ბევრი რამ შეცვალა.
საქმე იმაშია, რომ უეფას რეგულაციები ერთი და იგივე მფლობელის მქონე კლუბებს ერთსა და იმავე ტურნირში თამაშის უფლებას უკრძალავს, რის გამოც ტექსტორი იძულებული გახდა „კრისტალ პალასის“ აქციების 43% 190 მილიონ ფუნტ სტერლინგად მიეყიდა „ნიუ-იორკ ჯეტსის“ მფლობელ ვუდი ჯონსონისთვის.
თუმცა, გამოძიების შემდეგ, უეფამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ „პალასს“ ევროპა ლიგაზე თამაში უფლება მაინც არ მიეცა, რადგან 1 მარტის მდგომარეობით მფლობელი ჯერ არ შეცვლილა. თუმცა, გუნდს კონფერენს ლიგაზე გამოსვლის უფლება აქვს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თუ უეფა „პალასის“ ევროპა ლიგიდან გარიცხვას გადაწყვეტს, ვაკანტურ ადგილს, სავარაუდოდ, „ნოტინგემ ფორესტი“ შეავსებს, რომელიც თავდაპირველად კონფერენციის ლიგის ზონაში იყო მოხვედრილი.