გოგლიჩიძე ლა ლიგაში? მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია
Tuttomercatoweb-ის ცნობით, „ბეტისი’’ „ემპოლის’’ ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობს, კლუბებს შორის მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია. შესაძლოა, საბამ კარიერა ლა ლიგაში გააგრძელოს და გამოცდილ სპეციალისტთან, მანუელ პელეგრინისთან იმუშავოს.
გასულ სეზონში „ბეტისი'' ლა ლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. ასევე, კონფერენს ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „ჩელსისთან'' დამარცხდა.
საბა გოგლიჩიძის დამატებით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. მიმდინარე კვირაში Il Messaggero-მ დაწერა, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე „რომას'' მსურველთა სიაში პირველი 27 წლის ჯონ ლუკუმია. იმ შემთხვევაში, თუ ლუკუმი „ჯალოროსის“ მაისურს ვერ მოირგებს, „რომას“ სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასარა სათადარიგო ვარიანტებს განიხილავს - ესენია საბა გოგლიჩიძე და „ბორნმუთის“ 28 წლის მარკოს სენესი. თუ კლუბი არა გამოცდილებაზე, არამედ მომავალზე გააკეთებს ფსონს, არჩევანი საბას სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.
ზამთარში გოგლიჩიძის „რომაში'' ტრანსფერი ჩაიშალა. წარუმატებლობის მიუხედავად, „ჯალოროსის“ ქართველი ფეხბურთელი არ დავიწყებია. ივნისში Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ „რომა'' გოგლიჩიძის თაობაზე „ემპოლისთან'' დაკავშირებას გეგმავდა. დედაქალაქელთა გარდა, გოგლიჩიძეს „პარმა“, „ფიორენტინა“ და „ლაციო“ აკვირდებიან.
ცნობისთვის, გოგლიჩიძისთვის 2024-25 წლების სეზონი სერია A-ში სადებიუტო იყო, 33 მატჩი ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა. Transfermarkt-ის მონაცემებით, საბას სატრანსფერო თანხა 8 მილიონი ევროა.