სენტ-ეტიენი გამოირიცხა? - აბუაშვილის ახალი ვარიანტი საფრანგეთში
ფრანგული Le Télégramme-ს ცნობით, საფრანგეთის ლიგა 2-ის „გენგამი’’ გიორგი აბუაშვილს უმიზნებს. 22 წლის ქართველ გარემარბს უგო პიკარდის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც კარიერას MLS-ში გააგრძელებს.
გასული სეზონის საფრანგეთის ლიგა 2-ში გენგამი მე-5 ადგილზე გავიდა, ფლეი-ოფის გზით ლიგა 1-ში აღზევებას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა, „დიუნკერკის'' ბარიერი ვერ დაძლია.
რაც შეეხება აბუაშვილს, ფოთის „კოლხეთში’’ ძალიან პროდუქტიული იყო, შემდეგ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა. აღსანიშნავია ფრანგებთან მატჩი, როცა მის აქტივში გოლი და საგოლე პასი იყო.
გიორგი აბუაშვილის ტრანსფერზე მამუკა ჯუღელი მუშაობს. „გენგამი'' არ არის ერთადერთი ფრანგული კლუბი, რომელიც აბუაშვილს დაუკავშირეს. 22 წლის შემტევის მიმართ ინტერესს „სენტ-ეტიენიც'' იჩენდა, თუმცა ახლა ყველაზე რეალური „გენგამში'' გადასვლაა. როგორც ფრანგული foot-sur7 წერს, „სენტ-ეტიენისთვის'' დიდი იმედგაცრუებაა, რადგან აბუაშვილს კარგავს.
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ აბუაშვილმა CrystalSport-თან ისაუბრა: „მინდა მადლობა მამუკა ჯუღელს გადავუხადო, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ მე ფსიქოლოგიურად მყარად ვიდექი, მისი დიდი დამსახურებაა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირველივე დღიდან, მამუკა ჩემს გვერდით იყო. მამუკა მაგრად დამეხმარა და ჩემს პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, ფაქტობრივად ოჯახის წევრები და ნებისმიერ მომენტში, რაც არ უნდა დამჭირდეს, ჩემს გვერდითაა''.
შეგახსენებთ, 18 წლის ასაკში გიორგი აბუაშვილი „პორტუმ'' თბილისის „დინამოდან'' შეიძინა, თუმცა ფეხბურთელის პორტუგალიური კარიერა წარმატებული არ ყოფილა. რუმინულ „პეტროლულში'' გატარებული მცირე დროის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ფოთის „კოლხეთში'' ფორმა აღიდგინა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და ბომბარდირთა დავაში ლიდერ იური ტაბატაძეს 1 გოლით ჩამორჩება.
ფოტო: Nakrebi.ge