გამაღიზიანებელია, გოლები სტანდარტულიდან გავუშვით | რასინგის მენეჯერი დილასთან მატჩზე
UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილამ’’ ლუქსემბურგულ „რასინგთან’’ სტუმრად ითამაშა, თამაში შემოატრიალა და 1:2 მოიგო. უგოლო პირველი ტაიმი შემდეგ სტუმრებმა ანგარიში 52-ე წუთზე გახსნეს, გოლი 35 წლის დომინიკ შტოლცის ანგარიშზეა. 8 წუთში სანდრო ანდრონიკაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, 78-ე წუთზე ოთარ ფარულავას პასით 19 წლის განელმა სირილ ედუძიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„რასინგის’’ მენეჯერმა იანიკ კაკოკომ მატჩის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა: „ვფიქრობ, ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბუნებრივია, გორის „დილას’’ თამაშის შესახებ კარგად ვიცოდით, ტემპის შენარჩუნება დიდხანს შევძელით.
ცხადია გამაღიზიანებელია, რომ სტანდარტული სიტუაციებიდან ორი გოლი მივიღეთ, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად განწყობილი ვარ. კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ოპტიმისტურად ვუყურებ და მჯერა, რომ საქართველოში რაღაცის მიღწევა შეგვიძლია.
ახლა ლუქსემბურგის ჩემპიონატი არ მიმდინარეობს და ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. ეს მოკლე დროა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და მათ ინტეგრირება გვჭირდება, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, დღეს მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვითამაშეთ. ახლა მთავარია, გაანალიზდეს ყველაფერი, რა გავაკეთეთ კარგად, ის გავიმეოროთ და რაც ცუდად, ის გავაუმჯობესოთ, შემდეგ კი ყველაფერს ვეცდებით საქართველოში''.
„რასინგის'' პრესსამსახურს გოლის ავტორი დომინიკ შტოლციც ესაუბრა: „რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ვნახეთ, რომ შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ ამ გუნდს. თამაშის ბოლოს ცოტა ენერგია დაგვაკლდა. ბუნებრივია, გულდასაწყვეტია სტანდარტულიდან გაშვებული გოლები, მარტივად გაგვიტანეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საპასუხო მატჩში ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ორშაბათს უკვე მივფრინავთ, რადგან თითქმის 12–14 საათიანი გზაა. ერთი დღით ადრე უნდა წავიდეთ და მერე, პარასკევს დავბრუნდებით.
უკვე ევროთასზე რამდენჯერმე ვითამაშეთ, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს ახალი, განსაკუთრებული გამოწვევაა''.
საპასუხო მატჩი გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე’’ 17 ივლისს გაიმართება.