გორის დილა
Aa
Aa

19 წლის განელის გამარჯვების გოლი | დილამ რასინგთან თამაში შემოატრიალა

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილამ’’ ლუქსემბურგულ „რასინგთან’’ სტუმრად ითამაშა, თამაში შემოატრიალა და 1:2 მოიგო.

პირველი ტაიმის ყურება „ლაივსტრიმის'' საშუალებით შესაძლებელი იყო, თუმცა სამწუხაროდ, მეორე ტაიმში „სტრიმი'' გაითიშა. მატჩის ვიდეომიმოხილვას კადრების გავრცელებისთანავე შემოგთავაზებთ.

უგოლო პირველი ტაიმი შემდეგ სტუმრებმა ანგარიში  52-ე წუთზე გახსნეს, გოლი 35 წლის დომინიკ შტოლცის ანგარიშზეა. 8 წუთში სანდრო ანდრონიკაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, 78-ე წუთზე ოთარ ფარულავას პასით 19 წლის განელმა სირილ ედუძიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

გორის „დილამ’’ „რასინგთან’’ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: კერესელიძე, რუხაძე, ჟოაუ არაუხო, რომარიკ ეტოუ, კიკაბიძე (ჩაბრაძე 65), ფარულავა (ტიბუე 89), ანდრონიკაშვილი (კობახიძე 89), კონტე, შეყილაძე, ბასინგა (ბუღრიძე 78), დრამე (ედუძი 65)

ედუძი, რომელიც მარცხენა გარემარბია, „დილას’’ გასულ ზამთარში შეუერთდა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია „თელავთან’’ მატჩი, როცა „დილა’’ მარცხდებოდა. ედუძიმ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მისი საგოლე პასით დეო ბასინგამ გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო. ასე რომ ედუძი ცვლილებაზე კარგად გამოდის და გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში ეხმარება.

საპასუხო მატჩი გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე’’ 17 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები