„ერთ დღეზე მეწუწუნებოდნენ“ - ტებასმა რეალს უარი უთხრა
ესპანეთის ლა ლიგის ხელმძღვანელი ხავიერ ტებასი ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მოყოლებული „ბარსელონას“ მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა და ბევრი მას „რეალის“ გულშემატკივრობასაც აბრალებდა. თუმცა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ტებასს სამეფო კლუბის შეფებთანაც უკიდურესად დაეძაბა ურთიერთობა და ახლა ისეთი რამ მოხდა, რომ შესაძლოა კონფლიქტმა კიდევ უფრო სერიოზული ხასიათი მიიღოს.
„ბლანკოსის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 19 აგვისტოს „ოსასუნასთან“ გასამართი პრიმერადივიზიონის პირველი ტურის შეხვედრის გადადება მოითხოვა, რაზეც უარი ჯერ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის შეფებისგან, მოგვიანებით კი ლა ლიგისგანაც მიიღო, რომლის ხელმძღვანელმაც მიღებული გადაწყვეტილება ასე ახსნა.
რას ამბობს ტებასი
21-დღიანი შვებულების ნაცვლად პერესის გუნდის ფეხბურთელები მხოლოდ 20 დღეს დაისვენებენ და 24 საათზე მეწუწუნებოდნენ. „რეალი“ „ჩელსისგან“ და „პარი სენ-ჟერმენისგან“ განსხვავებით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში საერთოდ არ გასულა, მაგრამ მიუხედავად ამისა არც ინგლისის პრემიერლიგის და არც საფრანგეთის ლიგა 1-ის შეფებს ლონდონელები და პარიზელები მსგავსი მოთხოვნებით არ მიმართავენ. ასე რომ, ერთი დღის გამო, ლა ლიგის კალენდარში ცვლილებების შეტანა სრულ უაზრობად მიმაჩნია.
შეგახსენებთ, რომ ხავიერ ტებასი „რეალის“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მას შემდეგ გახდა, როდესაც სამეფო კლუბის ტელევიზიაში ლა ლიგის სამსაჯო ბრიგადის წინააღმდეგ სერიოზული ანტიპიარი ააგორეს და მათი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დააყენეს.