კარგი ამბავი: გულიაშვილმა ვარჯიში დაიწყო და ფინალში ითამაშებს
CrystalSport-ის ცნობით, „სარაევოს’’ ლიდერმა გიორგი გულიაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. სეზონის მიწურულს „სარაევოს’’ მთავარი ამოცანა თასის მოგებაა, ფინალი ორმატჩიანია და შესაძლოა გიორგიმ „შიროკი ბრიეგთან’’ პირველივე შეხვედრაში ითამაშოს, რომელიც ხვალ, 7 მაისს გაიმართება. დიდი ალბათობით, ხვალინდელ მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის შემდეგ მეორე ფინალური შეხვედრა გაიმართება და ცხადია იმ მატჩშიც მოედანზე ვიხილავთ.
ბოსნიის ჩემპიონატში „სარაევო’’ მესამე ადგილზეა, ლიდერს 13 ქულით ჩამორჩება და მხოლოდ ერთი ტიტულის მოგების შანსი აქვს.
„სარაევოს’’ მთავარი მწვრთნელი ზორან ზეკიჩი გულიაშვილის არყოფნით ძალიან დამწუხრებულია, რაც მედიასთან საუბარში არაერთხელ აღნიშნა. 23 წლის შემტევმა, რომელიც გუნდის ლიდერი და კაპიტანია, ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 7 მატჩი გამოტოვა. ამ პაუზამ შესაძლოა ინდივიდუალური ჯილდო დააკარგვინოს, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას მთელი სეზონი ლიდერობდა, თუმცა მისი უთამაშებლობით კონკურენტმა მლინარიჩმა ისარგებლა და 2 გოლით გაუსწრო.
მიუხედავად ტრავმისა, „გულიშას’’ სტატისტიკა შთამბეჭდავია, ყველა ტურნირის ჩათვლით 34 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.
თუ „სარაევო'' თასს მოიგებს, გულიაშვილისთვის ლეგიონერის ამპლუაში პირველი ტიტული იქნება.
ასევე გეტყვით, რომ დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ გულიაშვილი „სარაევოს'' დატოვებს, მიმდინარე სეზონში არაერთ კლუბს დაუკავშირეს. გასულ კვირაში ბოსნიურმა MeridianSportBH-მა დაწერა, რომ უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროში,'' რომელსაც ირლანდიელი რობი კინი წვრთნის, გულიაშვილის ტრანსფერზე ზაფხულში იმუშავებს.
მარტის მიწურულს CrystalSport-მა „სარაევოს'' მთავარ მწვრთნელ ზორან ზეკიჩთან გულიაშვილის შესახებ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ:
მოლოდინებს აჭარბებს, ტოპ 5-ში ვხედავ| ინტერვიუ გულიაშვილის მწვრთნელთან