ერთწლიანი იჯარა - წიტაიშვილი მეცის ფეხბურთელია
გიორგი წიტაიშვილი საფრანგეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „მეცის“ ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველმა, რომლის სატრანსფერო უფლებებიც კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, ლიგა 1-ში წელს დაბრუნებულ გუნდთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. წიტაიშვილი „მეცისთვის“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მეორე შენაძენი გახლავთ - იქამდე გუნდმა ბელგიელი მარცხენა მცველი იანის ლოუსონი გაიფორმა.
კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ქართველი ახალწვეულის კომენტარიც, სადაც ის აღნიშნავს, რომ ამ წინადადებაზე თანხმობის მიცემამდე, გიორგი მიქაუტაძეს ესაუბრა და მან თავისი ყოფილი კლუბი ყველანაირად დადებითად დაუხასიათა. წიტაიშვილი აცხადებს, რომ „მეცის“ გულშემატკივრებს ქართულ ფეხბურთთან ჟორჟის წყალობით კარგი მოგონებები აკავშირებთ და ყველანაირად შეეცდება მათი იმედები გაამართლოს.
ცნობისათვის, გიორგი წიტაიშვილი გასულ სეზონში „გრანადას“ ღირსებას იცავდა, სადაც მან თავი 7 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.