პლატინისთან, სტოიჩკოვთან და რონალდუსთან ერთად - მიქაუტაძე დღეს ლეგენდების რეკორდებს შეუტევს
ბოლო ნახევარი წელია გიორგი მიქაუტაძე იმდენად მაღალ დონეზე თამაშობს, რომ ყველასთვის გამოცანად რჩება, როგორ ვერ გამოიყენა გასული სეზონის პირველ ნახევარში „აიაქსმა“ ის სათანადოდ და რატომ არ მიეცა სათამაშო დრო. ამსტერდამის კლუბში ჩატარებულ 6 მატჩში 23 წლის ქართველ ფორვარდს თავი შედეგიანი მოქმედებით არ გამოუჩენია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ ექვს შეხვედრაში მან საერთო ჯამში მოედანზე 233 წუთი გაატარა.
დღეს გასამართი პორტუგალია - საქართველოს მატჩის წინ, რამდენიმე ნიდერლანდურმა გამოცემამ მიქაუტაძე გაიხსენა და თითქმის ყველა ჰქონდა სათაურში გამოტანილი ის ფაქტი, რომ „აიაქსის“ მიერ თავის დროზე წარუმატებელ შენაძენად შერაცხული თავდამსხმელი ახლა ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის ერთ-ერთი ლიდერია. იმ შემთხვევაში თუ ის დღესაც გამოიჩენს თავს, გიორგი ლეგენდარულ მოთამაშეებს შორის დაიმკვიდრებს ადგილს.
მიმდინარე ტურნირზე ჯამალ მუსიალას, ივან შტრანცისა და გიორგი მიქაუტაძის სახით მხოლოდ სამი მოთამაშე იყო ისეთი, რომელთაც საწყის ორივე შეხვედრაში შეძლეს გატანა. იგივეს გამეორება მუსიალამ მესამე მატჩში ვეღარ მოახერხა, ქართველს და სლოვაკს კი დღეს ამის შანსი ექნებათ. გარდა ამისა, პორტუგალიელებთან თავის გამოჩენის შემთხვევაში მიქაუტაძე ევროპული ფეხბურთის ლიდერების სიას შეუერთდება.
1980 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც კონტინენტის პირველობა ჯგუფური ეტაპის ფორმატით ტარდება, ჯგუფში სამივე მატჩში ბურთის გატანა მხოლოდ რვა ფეხბურთელმა, მიშელ პლატინიმ (1984), ალან შირერმა (1996), ხრისტო სტოიჩკოვმა (1996), სავო მილოშევიჩმა (2000), რუუდ ვან ნისტელროიმ (2004), მილან ბაროშმა (2004), გარეტ ბეილმა (2016) და კრიშტიანუ რონალდუმ (2021) შეძლო და მიქაუტაძეს რეალური შანსი მათ შორის დაიმკვიდროს ადგილი. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრების რიგებში მესამე ტურშიც პირველი თავს კვლავ „მეცის“ ფორვარდი გამოიჩენს, გერდ მიულერის (1972) და ხრისტო სტოიჩკოვის შემდეგ გახდება ევროს ისტორიაში მესამე მოთამაშე, რომელიც თავისი გუნდიდან საწყისი სამივე გოლის ავტორი იქნება.
გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე სულ რაღაც ორ წელიწადში ჩატარებულ 27 სანაკრებო შეხვედრაში 12 გოლია და ასეთი ტემპებით თუ განაგრძო, ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, შოთა არველაძეს (26) მალე დაეწევა.