„ქოჩორაშვილი უიღბლო ფეხბურთელია“ - სპორტინგის ლეგენდამ ქართველზე ისაუბრა
ლისაბონის „სპორტინგის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლიტუშმა, იგივე ლუიშ ფილიპე ვიეირა კარვალიამ პორტუგალიურ Desporto ao Minuto-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან“ გასამართ მატჩზე ისაუბრა და გიორგი ქოჩორაშვილის შესახებაც გამოთქვა აზრი.
რას ამბობს ლიტუში:
„ნაპოლი ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც დუელებში ბრწყინვალედ თამაშობს. პედრო გონსალვეშსა და ტრინკაოს მნიშვნელოვანი როლი ექნებათ ნახევარდაცვის დახმარებაში. მჯერა, რომ მორიტა სასტარტო შემადგენლობაში იქნება, რადგან მას ბურთის ფლობა შეუძლია და თანაც ამას მშვიდად აკეთებს, რაც ამ ტიპის თამაშებში ძალიან მნიშვნელოვანია. არ მგონია, რომ გიორგი ქოჩორაშვილი სასტარტოში გამოჩნდეს. ის გარკვეულწილად უიღბლოა - როდესაც მოედანზე არ არის, გუნდი მაშინ იტანს გოლებს და ამის გამო, მისი თამაში სათანადოდ არ ფასდება. მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ის არც ისე ბევრს მოძრაობს, მაგრამ ძალიან ძლიერი მოკლე და გრძელი პასები აქვს. ის ჯერ კიდევ ეგუება ჩვენს ლიგას, სადაც ბევრი გუნდი დაწეული დაცვით თამაშობს. ამიტომ მგონია, რომ სასტარტო შემადგენლობაში მორიტა იქნება, ის უკვე კარგად იცნობს გუნდის დინამიკას.“
ცნობისთვი, ლიტუში სპორტინგის ღირსებას 1982-1992 წლებში იცავდა და ლისაბონური გუნდის მაისურით 151 მატჩი ჩაატარა. 58 წლის ვეტერანი ფეხბურთელი პოზიციურად ნახევარმცველი იყო. მას პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში 2 მატჩიც აქვს ჩატარებული.
გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის „სპორტინგში“ ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და თავი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
„სპორტინგისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება ხვალ, დიეგო მარადონას სტადიონზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.