ბარსელონასთან გამოირიცხა - როდის დაუბრუნდება ხვიჩა მოედანს
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მეორე ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავლენიანმა ფრანგულმა ტელევიზია RMC Sport-მა გაავრცელა, რომელიც წერს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და ლუის ენრიკეს მისი მდგომარეობის გამო გარისკვა არ სურს. ამის შესახებ დღეს Geo Team-მაც დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს, თუმცა მისი დაზიანება სერიოზული არ არის და დიდი ალბათობით, ხვიჩა მოედანზე ლიგა 1-ის მომდევნო ტურში, „ლილის“ წინააღმდეგ დაუბრუნდება.
პსჟ-მა რამდენიმე წუთის წინ სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია არ არის შეყვანილი, რაც ადასტურებს იმას, რომ 25 წლის ფეხბურთელი ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კვარას გარდა, „ბარსელონასთან“ გუნდს მარკინიოსი, უსმან დემბელე და დეზირე დუეც ვერ დაეხმარებიან.
⚔️ The Parisian squad for MD2 in the @ChampionsLeague league phase ????#FCBPSG I #UCL pic.twitter.com/SRGxImEplY
— Paris Saint-Germain (@PSG_English) September 30, 2025
შეგახსენებთ, რომ ქართველმა შემტევმა ტრავმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩის პირველ ნახევარში მიიღო, რის გამოც ლუის ენრიკემ შესვენებაზე შეცვალა.
„ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 1 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.