„ასე გამარჯვება უფრო შთამბეჭდავი იქნება“ - მერაბის ინტერვიუ UFC-სთან
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, საქართველოს დროით კვირას გამთენიისას ტიტულის დაცვას კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ ეცდება. მოახლოებულ ბრძოლაზე „მანქანამ“ UFC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა და ასევე, შონ ომალისთან გამართული ბოლო სატიტულო ბრძოლაც გაიხსენა.
ასევე, მერაბმა სენდჰეგენის ძლიერ მხარეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის დამარცხებას ნოკაუტით ეცდება. ამავდროულად, დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკელ მებრძოლთან გამარჯვების შემდეგ, მისი მიზანი 2025 წელს კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა იქნება.
შონ ომალისთან ფინიშზე: „კარგი, სწრაფი და მარტივი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც რაუნდის ბოლოს დავაფინიშე, რაღაც დამაკლდა. მეტი ბრძოლა მინდოდა, რადგან კიდევ ორი რაუნდი მქონდა დარჩენილი. მეტი თეიქდაუნი მინდოდა ჩემივე რეკორდის მოსახსნელად, მაგრამ ფინიშმა ბევრი რამ შეცვალა. ამ ფინიშის შემდეგ დიდი განსხვავება ვიგრძენი და საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ.“
მიმდინარე წლის გეგმებზე: „მსურს დაკავებული ვიყო. საკუთარი თავისთვის მეტი გამოწვევის შექმნა მინდა, სულ დისციპლინაში ვიყო. ჯანმრთელი ვარ და ეს საქმე მიყვარს, ამიტომ მინდა, რომ ყოველთვის დაკავებული ვიყო. წელს ოთხი ბრძოლის გამართვას ვგეგმავ. თუ UFC ამის შანსს მომცემს, ეს ნამდვილად კარგი შესაძლებლობა იქნება. მინდა მაქსიმუმი გავაკეთო და ამით ვისიამოვნო, რადგან ჯანმრთელი ვარ. დროის ფუჭად დაკარგვა არ მინდა.“
კორი სენდჰეგენის შესახებ: „კორი შესანიშნავი მებრძოლია. მან ფრენკი ედგარისა და მარლონ მორაეშის მსგავსი მებრძოლები დაამარცხა, მოუგო მარიო ბაუტისტას, რომელიც კარგად გამოიყურებოდა მთელი ბრძოლის განმავლობაში. კორი ყოველთვის ებრძოდა დივიზიონის საუკეთესო ბიჭებს. მან ყველაზე მეტად დაიმსახურა სატიტულო ჩხუბი. ყოველთვის მზადაა, რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს. ამიტომაც იმსახურებს ჩხუბს ყველაზე მეტად.“
„ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს გვიბრძოლია, ის ჩემთვის ახალი გამოწვევაა, ახალი ბრძოლა და ამ ბრძოლას მოუთმენლად ველი. ვიცით, რომ ბრძოლებს სტილები ქმნის და სენდჰეგენი შესაძლოა, ჩემთვის უხერხული მეტოქე იყოს, რადგან მაღალია, პოზიციებს ხშირად იცვლის, აქვს კარგი კარდიო და თეიქდაუნებისგან თავს კარგად იცავს. ფეხებით კარგად ურტყამს, აქვს კარგი ჯიუ-ჯიცუ, მუხლებს იყენებს, ბრუნი და ა.შ. მოკლედ, ძალიან საშიშია. შეუძლია ბრძოლის ბედი ერთ წამში გადაწყვიტოს. სწორედ ამიტომ მახარებს ეს ბრძოლა და მოტივირებული ვარ.“
„მისი ნოკაუტით დამარცხება მინდა, ვნახოთ, რა იქნება. რა თქმა უნდა, ეს MMA-ს ბრძოლაა, მაგრამ ვაპირებ, რომ ჩემი შესაძლებლობები უფრო მეტად გამოვავლინო. მისი ნოკაუტით დამარცხება უფრო შთამბეჭდავი იქნება და ამიტომ, სწორედ ამას ვეცდები.“
33 წლის კორი სენდჰეგენს MMA-ში 23 ბრძოლა აქვს გამართული, მისი რეკორდი კი 18 გამარჯვება და 5 მარცხია. მერაბ დვალიშვილს ერთით მეტი, 24 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 20 შეხვედრაში გაიმარჯვა. ქართველმა „მანქანამ“ UFC-ის ოქტაგონში ბოლოს 2025 წლის 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ იბრძოლა და მეტოქე მესამე რაუნდში, საბმიშენით დაამარცხა.