WU17 - საქართველოს გოგონათა ნაკრები კაცნაკლულ ჩრდ.ირლანდიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მეორე ტურში საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები კაცნაკლულ ჩრდილოეთ ირლანდიასთან 1:3 დამარცხდა.
მე-6 წუთზე ანგარიში სმიტმა გახსნა, რასაც მე-19 წუთზე ელენე ბოლქვაძემ საკმაოდ ეფექტური გოლით უპასუხა.
44-ე წუთზე მოედანიდან შარლოტა ჰავერნი გააძევეს და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში ჩრდ.ირლანდიამ აქტიურად დაიწყო და 47-ე წუთზე ემილი ლიქოკმა თავისი ქვეყნის ნაკრები წინ გაიყვანა. საბოლოო წერტილი კი 73-ე წუთზე სმიტმა დასვა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ცნობისთვის, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს ორი მატჩიდან ორი წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში 4-გუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილზე მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ ლუქსემბურგს ბურთების უარესი შეფარდება აქვს.
ბოლო ტურში ტატა მატვეევას ნაკრები სწორედ ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. მატჩი 6 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.