ქალთა ფეხბურთი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები საბერძნეთს ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.
მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები დომინირებდნენ და შეტევას შეტევაზე აკეთებდნენ.
რიგ ეპიზოდებში ბერძნებს სიზუსტე აკლდებოდათ და იყო მომენტები, როდესაც ირის ანტმანის გუნდი რამდენჯერმე მეკარემ გადაარჩინა.
ანგარიში მე-20 წუთზე უზუსტესი თავური დარტყმით მარკუმ გახსნა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. ბურთით კვლავ ბერძნები იყვნენ. საქართველო კი შეტევაში გადასვლას ვერ ახერხებდა. მასპინძელთა ერთ-ერთი შეტევას, მე-80 წუთზე ბრუკსაირის გოლი მოყვა - 2:0. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველომ პირველი მომენტი შექმნა. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ირინა ხაბურზანიას, თუმცა მისი დარტყმა ბერძნების მეკარემ მოიგერია. საბოლოო წერტილი, ცვლილებაზე გამოსულმა, 19 წლის ცურცევიცმა დასვა.
აღსანიშნავია, რომ მე-2 და მე-3 გაშვებული გოლის დროს, მსაჯს თავისუფლად შეეძლო თამაშის წესების დარღვევის დაფიქსირება ჯერ მარიამ კალანდაძის წინააღმდეგ, შემდეგ კი გაბუნიასი.
ცნობისთვის, შემდეგ მატჩს საქართველოს ქალთა ნაკრები 18 აპრილს, სტუმრად ფარერების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.