4 ქულა და 4 მოხსნა | მამუკელაშვილის ტორონტო ნიქსთან დამარცხდა
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ „ნიუ იორკ ნიქსთან“ დამარცხდა. კანადელებმა საკუთარ კედლებში იასპარეზეს და 95:111 წააგეს. „ტორონტომ“ მეოთხე მეოთხედი ჩააგდო, რომელიც 13:24 დათმო და გადამწყვეტი სწორედ ეს აღმოჩნდა.
მამუკელაშვილმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მას 16 წუთი და 22 წამი დაუთმეს. სანდროს მოკრძალებული შეხვედრა ჰქონდა: 4 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააფუჭა და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.
„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო — 31 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი. არ ჯეი ბარეტმა 20 ქულა დააგროვა, იმანუელ ქუიკლიმ 13 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. „ნიქსს“ 26 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა. კარლ-ენტონი თაუნსმა 21 ქულა, 12 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს. „რეპტორსს“ 35 მოგება და 26 წაგება აქვს და მომდევნო შეხვედრას 6 მარტს, „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ გამართავს.