ვემბანიამას მსგავსი სტატისტიკა | FIBA-მ თორნიკე შენგელიაზე დაწერა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მეოთხე შეხვედრა „თბილისი არენაზე“, დანიის წინააღმდეგ გამართა და 89:60 გაიმარჯვა. ჩვენი გუნდის კაპიტანს, თორნიკე შენგელიას, გამორჩეული თამაში ჰქონდა: მან 27 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი, 3 ჩაჭრა და 5 დაფარება მიითვალა, რაც FIBA-ს არ გამორჩენია.
ისტორიული სტატისტიკა: შენგელიამ ვემბის სტილში ითამაშა და საოცარი საღამო ჰქონდა
„საქართველოს ყოველთვის შეუძლია თავისი ლიდერის, თორნიკე შენგელიას იმედი ჰქონდეს. დანიასთან შეხვედრაში გამოცდილმა ვეტერანმა ბრწყინვალე სტატისტიკა რამდენიმე კატეგორიაში დააფიქსირა. შენგელიამ 27 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 5 დაფარება მიითვალა. მას დასამახსოვრებელი მატჩი ჰქონდა, რომლის კულმინაციაც ეფექტიანობის რეიტინგი — 36 გახლდათ.
შენგელიას სტატისტიკა ვიქტორ ვემბანიამას მაჩვენებლებს წააგავდა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპულ ზონაში ბლოკების რეკორდის ავტორია (2023 წელს მან 6 დაფარება მიითვალა). გარდა ამისა, შენგელია მერვე კალათბურთელია, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპულ ზონაში 36 ან უფრო მაღალი ეფექტიანობის რეიტინგი დააფიქსირა“, — წერს FIBA.
ცნობისთვის, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის ბოლო ფანჯარა ზაფხულში გაიმართება. 2 ივლისს, საქართველოს ეროვნული გუნდი უკრაინელებთან სტუმრად, ნეიტრალურ დარბაზში, ლატვიაში ითამაშებს, ხოლო 5 ივლისს, თბილისში ესპანელებს უმასპინძლებს.