საბა ხარებაშვილი
Aa
Aa

„მომავლის რობერტო კარლოსი?“ - FourFourTwo-ს ვრცელი სტატია საბა ხარებაშვილზე

გავლენიანი სპორტული გამოცემა FourFourTwo მსოფლიოს მასშტაბით ტალანტების ყოველკვირეულ განხილვას გვთავაზობს. ამჯერად გამოცემის ყურადღების ცენტრში საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მცველი, საბა ხარებაშვილი მოექცა.

FourFourTwo-მ ქართველ ფეხბურთელს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც მისი სათამაშო თვისებები დეტალურად არის განხილული. გამოცემა მიიჩნევს, რომ საბა ხარებაშვილს აქვს პოტენციალი, რათა უახლოეს წლებში თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

აი, რა წერია FourFourTwo-ს სტატიაში:

ქართული ფეხბურთი, ალბათ, არასდროს ყოფილა ასეთი კარგი. ევროპაში ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენის შემდეგ და მისი წინამძღოლობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე არიან, დიდი ნაბიჯები გადადგეს. თუმცა ამ თაობაში შესაძლოა სწორედ საბა ხარებაშვილი იყოს ქვეყნის ყველაზე ამაღელვებელი ტალანტი.

და მაინც... ვინ არის საბა ხარებაშვილი?

საბა ხარებაშვილი იმავე აკადემიის აღზრდილია, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია გაზარდა. პოზიციით მარცხენა მცველს, საბა ხარებაშვილს, „კვარადონას“ მსგავსად, „რობერტო ხარელოსი“ შეარქვეს. 15 წლის ასაკში მას უკვე ჰქონდა ნათამაშები უეფას ტურნირზე და კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად თინეიჯერად ითვლება. ის თბილისის „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრია. მას უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ნაკრებში და „ჯვაროსნების“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.

2008 წელს დაბადებულ მცველს ერთგვარი „უნიკორნის“ პროფილი აქვს: ბრწყინვალე ფლეიმეიქერი ჯადოსნური ჯოხის მსგავსი მარცხენა ფეხით, რომელიც box-to-box-ის ძრავითა და ძლიერი ცენტრალური მცველის აღნაგობით გამოირჩევა. როგორც ამბობენ, თავად ხარებაშვილი მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია და მისი კუმირი კრიშტიანუ რონალდუ იყო.

თამაშის შექმნა და ჩაწოდებები: ხარებაშვილის თამაშზე დაკვირვებისას აშკარაა, რომ ის ბავშვობაში ნახევარმცველი იყო; მისი გამჭოლი პასები, ვერტიკალური ფეხბურთისადმი მიდრეკილება და ბურთის გათამაშებისას თავდაჯერებულობა „დინამოში“ თამაშისას ნათლად ჩანს. თინეიჯერს გამორჩეული ხედვა აქვს, უყვარს გრძელი დიაგონალური გადაცემები და შეუძლია ბურთი საჯარიმოში სწრაფად და სახიფათო ტრაექტორიით ჩააწოდოს, მათ შორის — ერთი შეხებით, მახვილი კუთხეებიდანაც კი. სწორედ ეს თვისებები ხდის მას საუკეთესო ვარიანტად სტანდარტული მდგომარეობების შესასრულებლადაც.

აჩქარება და ძრავა: ხარებაშვილი დაჯილდოებულია ფეთქებადი სისწრაფით და დაცვიდან შეტევაში, ან შეტევიდან დაცვაში გადასვლის მძლავრი იარაღია — იქნება ეს ფლანგიდან შეტევა თუ სისწრაფის ხარჯზე პოზიციის დასაბრუნებლად უკან ჩამოსვლა. მას კვარაცხელიას მსგავსი „მოქნილი“ აჩქარება ახასიათებს, რაც მოკლე მანძილზე მაღალ ინტენსივობას სძენს. ამასთან, მას შეუძლია ეს დაუღალავად აკეთოს და უფროსებთან თამაშისას დაღლილობის ძალიან მცირე ნიშნებს ავლენს.

ფიზიკური მონაცემები და ძალა: 17 წლის ასაკში მისი სიმაღლე უკვე 183 სანტიმეტრია. ქართველი ბავშვობიდანვე მაღლიდან დაჰყურებდა თავის თანატოლებს. მაშინ, როდესაც ბურთის ფლობის ასეთი მაღალი ოსტატობის მქონე ფეხბურთელების უმეტესობა ტანდაბალია და ბურთის დასაფარად სიმძიმის დაბალ ცენტრს იყენებს, ხარებაშვილი მეტოქეებს თავისი ფიზიკური მონაცემების ხარჯზე ანეიტრალებს.

ტაქტიკური მრავალფეროვნება: ნომინალურად მარცხენა მცველს თვისებების ასეთი ნაზავი რამდენიმე პოზიციაზე თამაშის საშუალებას აძლევს. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის „უნივერსალი“ მარცხენა მცველია. მას შეუძლია უკან დარჩეს და შეტევის წამოწყებაში მიიღოს მონაწილეობა, გადაინაცვლოს ნახევარდაცვაში „ინვერტირებული მცველის“ ფუნქციით, ან ფლანგზე წინ ავიდეს. თავისი უნარებით ის ისეთ მოთამაშეებს შეესაბამება, როგორებიც რიკარდო კალაფიორი ან დავიდ ალაბა არიან.

ნაადრევი სიმწიფე: ხარებაშვილი ძალიან ადრეული ასაკიდანვე უფროსების გარემოცვაშია და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გუნდის კაპიტნად ირჩევდნენ. ის საოცრად ჩამოყალიბებული მოთამაშეა და უკვე გამოირჩევა მტკიცე ხასიათით. შესაძლოა სწორედ ეს იყოს ყველაზე აშკარა ნიშანი იმისა, რომ მას ფეხბურთის მწვერვალების დაპყრობა შეუძლია.

ხარებაშვილის განვითარების არეალი

დისციპლინა: მიუხედავად იმისა, რომ ჩაჭრების მხრივ ბრწყინვალე მაჩვენებლები აქვს, ხარებაშვილი ვარდნებისას ხანდახან მოუთმენლობას იჩენს. კონცენტრაციის პერიოდული დაკარგვის გამო შეიძლება ითქვას, რომ ის გუნდისთვის უფრო სასარგებლო მაშინ არის, როცა ბურთს ფლობს, ვიდრე მაშინ, როცა მის გარეშეა. ბუნებრივია, ის დროთა განმავლობაში განვითარდება — განსაკუთრებით მაშინ, როცა უფრო მაღალ დონეზე გადავა. თუმცა ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგჯერ მეტოქე გაეპარება, პოზიციას დაკარგავს ან არასაჭირო ჯარიმას აიღებს.

საჰაერო დუელები: სიმაღლის მიუხედავად, ხარებაშვილი თავით თამაშისას სათანადო აგრესიით არ გამოირჩევა. როდესაც საქმე საჰაერო დუელებს ეხება, მას შეუძლია ე.წ. „შავ მაგიასაც“ მიმართოს.

ორივე ფეხით თამაში: ხარებაშვილის მარცხენა ფეხი იმდენად კარგია, რომ მარჯვენას ხშირად არ იყენებს. მარცხენა მცველისთვის ეს დიდი პრობლემა არ არის, თუმცა თუ დროთა განმავლობაში ის ნახევარდაცვაში გადაინაცვლებს ან ცენტრალური მცველი გახდება, მოუწევს, რომ მარჯვენა ფეხით თამაშიც ოდნავ მეტად დახვეწოს.

შეგახსენებთ, რომ საბა ხარებაშვილი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2024 წელს, 15 წლის ასაკში ჰქონდა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ხარებაშვილი ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. რამდენიმე კვირის წინ 17 წლის მცველი თურქულმა „ბაშაქშექირმა“ შეიძინა და იჯარის წესით კვლავ „დინამოში“ დატოვა. ხარებაშვილი თურქულ კლუბს 18 წლის ასაკში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო“ | გულიაშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა
„გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო“ | გულიაშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა