მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„შეცდომები დავუშვი, უშუალოდ მასთან ჩხუბისთვის არ მივარჯიშია“ | მერაბი იანზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა, არიელ ჰელვანისთან პიოტრ იანის შესახებ ისაუბრა. „მანქანამ“ აღიარა, რომ მეორე ორთაბრძოლაში შეცდომები დაუშვა და აპირებს, ტრილოგიისთვის განსხვავებულად მოემზადოს.

„2025 წელს ოთხი ბრძოლის გამართვას არ ვნანობ. ვფიქრობ, ხალხმა ამ დაპირისპირებით სიამოვნება მიიღო და ბედნიერი ვარ, რომ ოქტაგონში შევედი. უნდა ვაღიარო, იანი კარგი მებრძოლია. ორთაბრძოლის შემდეგ UFC დამიკავშირდა და მითხრა, რომ ქამრისთვის ვიჩხუბებ.

ჩვენი პირველი ბრძოლისას მისი დამარცხება მარტივი ნამდვილად არ იყო, მეორეში კი შეცდომები დავუშვი. ორთაბრძოლის სტარტზე ვეცადე, მის თამაშში— კრივში მიმეყენებინა ზიანი, რის შემდეგაც თეიქდაუნების შესრულების საშუალება აღარ მომცა. ამ დროს საკუთარ თავს ვუთხარი: „არ მაინტერესებს, უბრალოდ ამ ჩხუბით სიამოვნებას მივიღებ.“

მტკივნეული დარტყმები მომაყენა. ჩხუბის ბოლოსკენ მუშტებით ვანიშნე, ვიჩხუბოთ-მეთქი და თეიქდაუნი შემისრულა. მახსოვს, გავიფიქრე: „ახლა მოჭიდავეც გახდა“. იანის პირველი რამდენიმე თეიქდაუნისას მახრჩობელა ილეთის გაკეთება ვცადე. გილიოტინა კარგად გამომდის და ბევრი დამიმარცხებია, მაგრამ პიოტრს არარეალურად ძლიერი კისერი აქვს. შემდეგში ვეცდები, აღარ მოვახრჩო.

იყო თუ არა ის განსხვავებული მებრძოლი? ახალი დღე იყო და ახალი ჩხუბი. 2023 წლის ორთაბრძოლაში ნამდვილად ვაჯობე და დომინანტურად გავიმარჯვე. დარწმუნებული ვარ, მან ბევრი იმუშავა, შემისწავლა და ეცადა, ეპოვა გზები ჩემს დასამარცხებლად.

იანმა უამრავი ცვლილება შეიტანა. რაც შემეხება მე, მასთან პირველი ჩხუბის შემდეგ პროგრესს მივაღწიე, მაგრამ კონკრეტულად ამ ორთაბრძოლისა და ამ მეტოქისთვის არ ვემზადებოდი — სპეციალურად იანისთვის არ მივარჯიშია, უბრალოდ ზოგად მომზადებას გავდიოდი და ბევრი სპარინგი მქონდა.

ვფიქრობ, აქცენტი სწორედ პიოტრ იანთან ორთაბრძოლაზე უნდა გამეკეთებინა. ჩხუბისას მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ პროცესში რამის შეცვლა ურთულესი აღმოჩნდა. ტრილოგიისთვის მის ჩხუბებს ვუყურებ, შევისწავლი და ბევრ რამეს შევცვლი. უკეთესად მოვემზადები. ჩემი ბრალია, შეცდომა დავუშვი.

პირველი ჩხუბის წინ „საშინაო დავალება“ შევასრულე და სწორედ ამიტომ გავიმარჯვე. მეორე ორთაბრძოლაში ზედმეტად კომფორტულად ვგრძნობდი თავს, დავალება მაღალ დონეზე არ შემისრულებია და უბრალოდ გამოწვევასთან გამკლავება მსურდა. უფრო ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედო. ბევრი ვიმუშავე, მაგრამ ჭკვიანური მუშაობაა საწირო, არა უშავს, შეცდომებზე ვსწავლობთ და მჯერა, მესამე ორთაბრძოლაში გავიმარჯვებ.“

ცნობისთვის, დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და ისტორია ვერ დაწერა. გამარჯვების შემდეგ იანმა წელზე ოპერაცია გაიკეთა და ივლისამდე ვერ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი ნიჭიერი მინახავს, მისი განვითარებით უკმაყოფილო ვარ“ - ჯიკიჩმა ხატიაშვილზე ისაუბრა
„ბევრი ნიჭიერი მინახავს, მისი განვითარებით უკმაყოფილო ვარ“ - ჯიკიჩმა ხატიაშვილზე ისაუბრა