„ბინძურად ჭიდაობდა, განზრახ მირტყამდა“ | რატომ დაიწყო არმანმა ჩხუბი RAF-ზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა, არიელ ჰელვანის ინტერვიუ მისცა. ცარუკიანმა ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. არმანი ჯორჯო პულასს დაუპირისპირდა; გამარჯვების შემდეგ სომეხი მებრძოლი მას ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც მასშტაბური ჩხუბი მოჰყვა.
„მისი გეგმა იყო, ჭიდაობის ნაცვლად ეჩხუბა და ინტერესი გაეზარდა. ნამდვილი მოჭიდავეები ასე არასდროს იქცევიან, რადგან ეს უპატივცემულობაა და მსაჯს უფლება აქვს, დისკვალიფიკაცია მოგცეს. ერთხელ გააფრთხილეს, თუმცა მსაჯი მას ყველაფრის უფლებას აძლევდა და პულასი ჩემს დანოკაუტებას ცდილობდა.
მან იცოდა, რომ ჩემ წინააღმდეგ შანსი არ ჰქონდა — აგებდა, თანაც შეთანხმება გვქონდა, რომ წაგებულს გამარჯვებულისთვის ფული უნდა გადაეხადა. ამიტომ, ყველაფერი სცადა. მთელი შეხვედრის განმავლობაში სახეში მირტყამდა და „ბინძურ ჭიდაობას“ მიმართავდა.
რა იყო ბოლო წვეთი? უბრალოდ შეხვედრის დასრულებას ველოდებოდი. მინდოდა, მომეგო და შემდეგ მეცემა. როგორც კი სასტვენის ხმა გავიგე, ვთქვი: „ახლა დროა, ვცემო“. შეხვედრის მიმდინარეობისას ეს რომ გამეკეთებინა, დისკვალიფიკაციას მომცემდნენ.
თვალებში თითები განზრახ, ალბათ, 20-ჯერ მომარტყა. ცდილობდა, ჩემთვის თითები მოეტეხა, რის გამოც მსაჯს რამდენჯერმე მივმართე. მუშტებსაც მირტყამდა. ამის უფლება არავის უნდა ჰქონდეს, მაგრამ ყველაფერი გაატარეს. საშინელი მსაჯობა იყო. ჩხუბის შემდეგ მას არ შევხვედრილვარ, ხოლო რაც შეეხება ამდენ ხალხს, არ ვიცი, ვინ იყვნენ. ჩემს კუთხეში ორი ადამიანი იდგა და მათ გარდა, შეხვედრას ჩემი მენეჯერი ესწრებოდა, სულ ესაა. ალბათ, გულშემატკივრები იყვნენ“.
ცნობისთვის, ამ ღონისძიებას მერაბ დვალიშვილიც დაესწრო და „მანქანამ“ ცარუკიანის მხარე დაიჭირა. მისი აზრით, კონფლიქტის დაწყება და ჩხუბი პულასის ქმედებებმა განაპირობა.