საქართველოს ნაკრების ორი წევრი | ტურის MVP-ის გამოკითხვა დაიწყო
FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო. ნომინანტებს შორის საქართველოს ნაკრების ორ წარმომადგენელს ვხედავთ: თორნიკე შენგელიასა და მარკის რიდს.
რიდი დანიასთან მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახლდათ. 29 ქულასთან ერთად, მან 7 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიასაც შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა: 27 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტი, 3 ჩაჭრა და 5 დაფარება მოაგროვა.
„მარკის რიდი საქართველოს ნაკრებს იდეალურად ერგება; დანიასთან მან 28 წუთში 29 ქულა დააგროვა. მის ანგარიშზე 7 პასი და 3 ჩაჭრაც იყო, რის წყალობითაც ეფექტიანობის გრაფაში 34 დააფიქსირა. რიდის ბრწყინვალე ასპარეზობის მიუხედავად, სტატისტიკურად, ტურის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია იყო. ქართველმა კალათბურთელმა ეფექტიანობის გრაფაში 36 დააფიქსირა“, — წერს FIBA.