„ფანებს ჩემგან განსხვავებით უნდა უხაროდეთ“ - ენრიკემ ფონსეკა შეაქო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „ლიონთან“ საშინაო შეხვედრაში პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემადგენლობა გადაახალისა, რაც პარიზელებს ძვირად დაუჯდათ და 1:2 დამარცხდნენ. გუნდის ორი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე საქმეში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო - კვარამ გაიტანა, დემბელემ ამჯერად ამის გაკეთება ვერ შეძლო და „ოლიმპიკმა“ სენსაციურად გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ენრიკე იმედგაცრუებას ვერ მალავდა.
ლუის ენრიკე
მატჩი თავიდანვე რთული იყო - მეტოქემ ნახევარდაცვაში გვაჯობა და პირველივე მომენტი გოლად აქცია, ჩვენ კი პენალტი ვერ გამოვიყენეთ. წარმოიდგინეთ, პირველი გოლის გასატანად კარში 23 დარტყმა დაგვჭირდა. როდესაც ასეთ რთულ ლიგაში ჩემპიონობას უმიზნებ, მსგავსი შეცდომები დაუშვებელია. ვულოცავ „ლიონს“ და ვაღიარებ, ძალიან მომწონს ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა და მისი სათამაშო სტილი. ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში ინტრიგა ცოცხალია, რაც ფანებისთვის სასიხარულოა, ჩემთვის კი ნამდვილად არა, რადგან „ლანსის“ სახით სერიოზული კონკურენტი გვყავს და მჭიდრო გრაფიკში გვიწევს მატჩების გამართვა.
ცნობისათვის, „პარი სენ-ჟერმენი“ სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ლანსს“ 1 ქულით უსწრებს, თუმცა პარიზელებს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ გამართული. მომდევნო თამაშს ლუის ენრიკეს შეგირდები 22 აპრილს, „პარკ დე პრენსზე“ „ნანტთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.