ვემბანიამას რეკორდი | სან ანტონიომ პლეიოფი გამარჯვებით დაიწყო
„სან ანტონიო სპურსი“ პლეიოფის პირველ რაუნდში „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ ხვდება. ტექსასელებმა პირველი მატჩი საშინაო არენაზე გამართეს და დამაჯერებლად მოიგეს — 111:98.
„სან ანტონიოს“ მაისურით პლეიოფში ვიქტორ ვემბანიამას დებიუტი შედგა. ფრანგმა ცენტრმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო — 35 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება. „ვემბიმ“ რეკორდი დაამყარა და „სპურსის“ ისტორიაში პლეიოფის სადებიუტო შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო. ვემბანიამამ ტიმ დანკანის მიღწევა გააუმჯობესა, რომელსაც 32 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.
„ვემბის“ გარდა, სტეფონ კასლი გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა, 7 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ტონი პარკერის შემდეგ, ის „სან ანტონიოს“ პირველი გამთამაშებელია, რომელსაც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 15 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. „პორტლენდის“ მხრიდან საუკეთესო დენი ავდია იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა — 30 ქულა, 10 მოხსნა.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ გარდა „ოკლაჰომა სითი თანდერმა“ და „ბოსტონ სელტიქსმაც“ გაიმარჯვეს. „ოქეისიმ“ „ფინიქსს“ შანსი არ დაუტოვა — 119:84, იგივე მოხდა „ბოსტონისა“ და „ფილადელფიას“ შეხვედრაშიც და „კელტებმა“ მეტოქე 123:91 გაანადგურეს.