შერმადინის 16 ქულა - ტენერიფემ რეალს მოუგო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 27-ე ტურში „ლაგუნა ტენერიფემ“ დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა. კანარის კუნძულების კლუბმა სატურნირო ცხრილის ლიდერი მადრიდის „რეალი“ სტუმრად 5-ქულიანი სხვაობით, 95:90 დაამარცხა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა.
37 წლის ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და 27 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ ხუთიდან სამი ორქულიანი და ათიდან ათი საჯარიმო ჩააგდო. ექვსივე მოხსნა დაცვაში თამაშისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 17 მოგებითა და 10 წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო ტურში კი კანარელები სტუმრად „მურსიას“ შეხვდებიან. ეს მატჩი 25 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.