რიადზე დრონების თავდასხმის შემდეგ რონალდუმ საუდის არაბეთი დატოვა
გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს 61 მილიონ ფუნტად შეფასებულმა კერძო თვითმფრინავმა საუდის არაბეთი ღამით დატოვა, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ პორტუგალიელი რეგიონში ესკალაციის ფონზე ქვეყნიდან წავიდა - წერს ბრიტანული Daily Mail.
ერ-რიადი, სადაც რონალდუ პარტნიორთან, ჯორჯინა როდრიგესთან და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობს, ირანული დრონების დარტყმის სამიზნე გახდა, რადგან საბრძოლო მოქმედებები უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. თავდასხმის სამიზნე საუდის არაბეთის დედაქალაქში მდებარე აშშ-ის საელჩოც იყო, ხოლო ირანული მედია იტყობინება, რომ ბაჰრეინში განადგურდა სამეთაურო შენობაც.
ფრენების ტრეკერის მონაცემები აჩვენებს, რომ რონალდუს Bombardier Global Express-ის ტიპის თვითმფრინავი ერ-რიადიდან საღამოს 20:00 საათზე გაფრინდა და მადრიდში თითქმის 01:00 საათზე დაეშვა, რითაც თითქმის შვიდსაათიანი მგზავრობა დაასრულა.
დაძაბულობის მატებასთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები რეგიონს მასობრივად ტოვებენ. რონალდუს მოულოდნელი გაფრენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საუდის არაბეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთებას.