„ბონუსი მივიღე და სიგიჟე გავაკეთე“ | მერაბ დვალიშვილის სასაცილო ისტორია
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარულ დემეტრიუს ჯონსონს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „მანქანამ“ „მაითი მაუსს“ სასაცილო ისტორია გაუზიარა, რომელიც UFC-ისგან მიღებულ პირველ ბონუსს უკავშირდება.
„UFC-ში გამართული პირველი ბრძოლა წავაგე. სოციალური უსაფრთხოების ნომერი არ მქონდა და ძალიან მცირე ჰონორარი მომცეს — როგორც მახსოვს, 7 000 დოლარი. საჩხუბრად ნიუ-იორკიდან კალიფორნიაში ჩემი მანქანით ჩავედი. ძალიან ძველი და დანჯღრეული ავტომობილი მყავდა, რომელიც გაფუჭდა. მისი შეკეთება საჭიროდ არ ჩავთვალე და ახალი ვიყიდე — პირველი ანაზღაურება სწორედ ამაზე დავხარჯე.
მეორე ბრძოლაში UFC-ისგან ბონუსი მივიღე და სიგიჟე გავაკეთე. 50 000-იანი ბონუსი მომცეს, რასაც ორთაბრძოლისთვის მიღებული 10 000 დაემატა. უცებ გავმდიდრდი — ჯამში 60 000 დოლარი მქონდა. ამდენი ფული ცხოვრებაში არ მენახა და მშენებლობაზე მუშაობას მაშინვე დავანებე თავი.
ბონუსებიდან მწვრთნელებს თავიანთი წილი გადავუხადე, მენეჯერმა 10% წაიღო, ორი ძმა მყავს და თანხის დიდი ნაწილი მათ გავუგზავნე. ძვირადღირებული მანქანაც ვიყიდე და ფული ექვს თვეში გამიქრა. არც კი ვიცოდი, რომ გადასახადები უნდა გადამეხადა. საკრედიტო ბარათებით სარგებლობა დავიწყე. ცხოვრებაში ვალი არ მქონია, მაგრამ სამსახური დავტოვე და ყველა თანხა დავხარჯე. რა მექნა?!
შემდეგ ორთაბრძოლაში გავიმარჯვე და კონტრაქტით გათვალისწინებული 20 000 მივიღე, მაგრამ ეს თანხა გადასახადებში გადავიხადე და ისევ მშენებლობაზე დაბრუნება მომიწია.“
ცნობისთვის, მერაბმა UFC-ში მეორე ბრძოლა რიკი სიმონის წინააღმდეგ გამართა და მსაჯის ძალიან საკამათო გადაწყვეტილების გამო წააგო. დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ტერიონ უეარი გახლდათ, რის შემდეგაც „მანქანის“ დაუმარცხებელი სერია დაიწყო.