მამარდაშვილი ქომაგებს: „თქვენს გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდით“
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მერვედფინალში გასვლის შანსი აქვს, რაშიც უდიდესი როლი გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის. „ვალენსიას“ 23 წლის გოლკიპერმა რამდენიმე დღის წინ ჩეხებთან ფენომენალური მატჩი ჩაატარა და ათბალიანი სისტემით 9,7 მეათედი შეფასება მიიღო.
რა თქვა მამარდაშვილმა
როგორი მოლოდინიც მქონდა, ყველაფერი ზუსტად ასე განვითარდა. რთულ ჯგუფში მოვხვდით და ორ ტურში ერთი ქულა ავიღეთ. თუმცა, ჩემი აზრით, მეტიც შეგვეძლო.
პორტუგალიასთან რთული თამაში გვექნება, რადგან არამხოლოდ ჩვენს კვარტეტში, არამედ მთლიანად ტურნირზე რობერტო მარტინესის კრებული უდავო ფავორიტია. მათთან თამაში იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ 100-150 პროცენტი უნდა გავიღოთ, გავიმარჯვოთ და ჯგუფიდან გავიდეთ.
მუდამ უდიდესი მოტივაცია გვაქვს, როდესაც საქართველოს დროშისა და ჰიმნის ქვეშ ვთამაშობთ, მაგრამ როდესაც ასეთი დონის ჩემპიონატზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას კიდევ უფრო მოტივირებული ხდები. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს - გერმანიაში მათი არმიაა ჩამოსული, მხარს გვიჭერენ, გვამხნევებენ და ჩეხეთთან არ გაჩერებულან. რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ნამდვილად ვერ მოვიდოდით.
ორი ტურის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი EURO 2024-ზე სეივების რაოდენობით პირველ ადგილზეა - მან საკუთარი გუნდი გაშვებული ბურთისგან საერთო ჯამში 15-ჯერ გადაარჩინა. თხუთმეტიდან თერთმეტი სეივი კი ჩეხებთან შეასრულა და მატჩის MVP სრულიად დამსახურებულად გახდა.