“დაძაბულ თამაშს ველოდები“ - ალონსო პაჩუკასთან მატჩის წინ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის რეალი პაჩუკას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ალონსო:
„დაძაბულ თამაშს ველოდებით. გვინდა კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ. ვეძებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყოველდღიურ მუშაობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მოქნილები უნდა ვიყოთ და ვნახოთ, რა არის საჭირო. ვინისიუსი თავს კარგად გრძნობს, თუმცა გვინდა, რომ ის გადამწყვეტი იყოს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ის ძალიან განსხვავებულია იმის გამო, თუ რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს.
ჩვენ ახლა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვართ და შემადგენლობის გაუმჯობესებაზე არ ვფიქრობთ. დიახ, იმით რაც გვაქვს, შეგვიძლია დომინანტური ნახევარდაცვა გვყავდეს. ამის მიღწევა სხვადასხვა პროფილით შეგვიძლია. ჩვენი გამოწვევაა, ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი იმით, რა რესურსიც გვაქვს. ზოგჯერ ძალიან ბევრი რამის გაკეთება გვინდა და ტემპი უნდა შევანელოთ.
მბაპე თავს უკეთესად გრძნობს და იმედი მაქვს, ის ზალცბურგთან ითამაშებს. გონსალოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც ალ ჰილალთან გააკეთა. გოლი გაიტანა და კიდევ 3 შანსი ჰქონდა. პენალტის შემსრულებელი? ცხადია ეს თამაშის წინ გვაქვს დაგეგმილი და მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ იმყოფება იმ მომენტში მოედანზე. რუდიგერს თამაშის ნებართვა მისცეს. ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალს პაჩუკასთან დანი კარვახალი და კილიან მბაპე არ ეყოლება. ამ მომენტისთვის ბლანკოსს 1 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასასვლელად მოგება ესაჭიროება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რეალი და პაჩუკა ერთმანეთს 2024 წელს კონტინენტთაშორის თასის ფინალში შეხვდნენ და ბლანკოსმა 3:0 მოიგო. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.