„იამალთან ერთად თამაში? იმედია, ეს მოხდება“ - მარკუს რაშფორდი
„ასტონ ვილადან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებულმა მარკუს რეშფორდმა ესპანელ YouTube-ბლოგერთან საუბარში „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერზე, ლამინ იამალზე და უსმან დემბელეზე ისაუბრა.
რა თქვა რაშფორდმა:
„ლამინ იამალი ზეწოლას ვერ გრძნობს და ეს მენტალიტეტიც მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ვისურვებდი თუ არა მასთან ერთად თამაშს? რა თქმა უნდა, ყველას სურს საუკეთესოებთან ერთად თამაში, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება.
რასაც ლამინ იამალი 17 წლის ასაკში აკეთებს, ეს არაა ნორმალური. მეტიც, ის კიდევ უფრო ძლიერი გახდება. არ ვიცით, სად იქნება ის სამ წელიწადში და რას ვიტყვით მასზე.
ვფიქრობ, მას შეუძლია წელს „ოქროს ბურთის“ მოგება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა კრიტერიუმებით გამოვლინდება გამარჯვებული. თუ მხოლოდ საფეხბურთო უნარებს შევხედავთ, ვფიქრობ, იამალმა უნდა მოიგოს. მეორე მხრივ, დემბელემ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და თუ ეს მიიღება მხედველობაში, მაშინ ოქროს ბურთი მან დაიმსახურა. საბოლოო ჯამში, მოგებას ორივე მათგანი იმსახურებს“.
ცნობისთვის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარკუს რაშფორდი „ბარსელონას“ ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა საბოლოოდ ინგლისელი იჯარით „ასტონ ვილას“ შეუერთდა. ზაფხულში პრესამ რაშფორდის სახელი „ბარსას“ ისევ დაუკავშირა, თუმცა თუ კატალონიელები ნიკო უილიამსს დაიმატებენ, ინგლისელი გარემარბის ტრანსფერის შანსები საგრძნობლად შემცირდება.