თოფურია: ნებისმიერ შემთხვევაში ორივე ქამარს მხრებზე გადავიკიდებ
ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლის წინ, პრესასთან მორიგი შეხვედრა გამართა და ჟურნალისტების მიერ დასმულ აქტუალურ კითხვებს უპასუხა.
„ბრძოლისთვის მოსამზადებელი პერიოდი დიდებულად მიმდინარეობს. წონის კლების პროცესით ჯერ ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. ბრძოლისთვის მზად ვარ და ვერც კი წარმოიდგენთ, იმას რისი ნახვაც 28 ივნისს გელით.
საბოლოო ჯამში ის 4.5 კილოგრამი დიდ სხვაობას იძლევა. აქამდე მთელი 12 კვირის განმავლობაში წონას ვიკლებდი, ცხოვრებისგან სიამოვნებას ვერ ვიღებდი. ამჯერად მთელი ეს პროცესი ჩემთვის სასიამოვნო გახდა.
ორი ქამარი ერთდროულად? ახლა ამას ვერ შევძლებ, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, ნებისმიერ შემთხვევაში ორივე ქამარს მხრებზე გადავიკიდებ.
მოხარული ვარ ოლივეირასთან ბრძოლის შესაძლებლობით. ის და მახაჩევი განსხვავებული სტილით გამოდიან, ორივე დიდი ათლეტია. რაც შეეხება ამჟამინდელ ბრძოლას, ოლივეირასთან უპირატესობა გრეპლინგშიც და პარტერშიც მექნება. ორივე მათგანში მასზე უკეთესი ვარ. ვნახოთ რა დამჭირდება და როგორ წარიმართება ბრძოლა. ვფიქრობ, მას გავთიშავ ან დანებებას ვაიძულებ. მისი საბრძოლო სტილი ასეთია - ის მუდამ წინ მოდის და დისტანციის შემცირება არ მომიწევს. ერთმანეთს ოქტაგონის ცენტრში შევხვდებით და მას პირველივე რაუნდში გავთიშავ.
დიახ, ვიცი, რომ ის ნოკდაუნიდან ბრუნდება და შემდეგ ბრძოლებს იგებს, მაგრამ ახლა განსხვავებული ვითარება იქნება - ის ჩემი ძალის მქონე ოპონენტის წინაშე არასდროს ყოფილა.
მახაჩევი? მას თავისი მიზნები აქვს და ჩემი აზრით, წონა ამიტომ შეიცვალა. დაველოდოთ რას იზამს ქვესაშუალო წონაში. თუ იგი ტიტულს მოიგებს, შემდეგ კი მეც იმავეს გავაკეთებ, შეიძლება ზედა წონაში ავიდე. ან ის ჩამოვა მსუბუქ წონაში და შედგება ბრძოლა, რომლის ხილვაც ყველას სურს. თუ, ისლამი საშუალო წონის ქამარს მოიპოვებს, მეც აუცილებლად იმავეს მოვითხოვ და ზედა წონაში ავალ.
მართალი გითხრათ, მასთან ბრძოლა ახლა მსურდა, მაგრამ მე ვერ გავაკონტროლებ იმას, თუ რას იზამენ სხვები. მე მხოლოდ ჩემი თავის კონტროლი შემიძლია.
ჩემი და პიმბლეტის ბრძოლა? მას კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, რადგან დივიზიონში ბევრი კონტენდერია, რომლებმაც შანსი მასზე მეტად დაიმსახურეს. თუ, მან კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო, ის აღმოჩნდება სიტუაციაში, რომლიდანაც სატიტულო ბრძოლის მიღებას შეძლებს. მე ამაში დავეხმარები და შესაძლებლობას მივცემ. ეს უდიდესი ბრძოლა იქნება, რომელსაც აქვს თავისი გარკვეული წინარე ისტორია აქვს.
ჩარლზთან დაპირისპირება? არა, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ის ჩინებული მებრძოლია და ახლა ჩემთან დაპირისპირება მოუწევს, მე კი ბრძოლის წინ კეთილი არ ვარ. ოლივეირას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, სწრაფ გამოჯანმრთელებასთან ერთად“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბი UFC 317-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. „ელ მატადორისა“ და „დუ ბრონქსის“ დაპირისპირებას მაყურებელი 29 ივნისს, დილის 08:00 საათიდან იხილავს.