გაძლიერება ჩემპიონთა ლიგის წინ | იბერიას ორი ახალწვეული ჰყავს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს, სადაც თბილისური გუნდის მეტოქე სახელოვანი შვედური კლუბი „მალმიო“ იქნება, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატი 24-ჯერ, თასი კი 16-ჯერ აქვს მოგებული.
ლევან კორღალიძის გუნდს ორი ახალწვეული ჰყავს - კოტდივუარელი მცველი არმელ ზოჰური და სერბი ცენტრფორვარდი ანეს რუშევიჩი.
ზოჰური 24 წლისაა, ბოლოს ის ტირასპოლის „შერიფში“ თამაშობდა, რომლის რიგებშიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპის 10 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ზოჰური კოტდივუარის ნაკრების ფეხბურთელია.
რაც შეეხება რუშევიჩს, ის 28 წლისაა და „იბერია 1999“-ში გადასვლამდე „რაბოტნიჩკის“ ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს მას ბელარუსულ „ბატეში“, ყაზახურ „ჟეტისუში“, რუმინულ „ოცელულში“ და ბოსნიურ „ზრინსკიში“ უთამაშია.
ამჟამად „იბერია 1999“ ბულგარეთში წინამოსამზადებელ პერიოდს გადის.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს „იბერია 1999“ თბილისში, 8 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი შვედეთში კი 15 ივლისს გაიმართება.