„მექვაბიშვილში ფული გვაქვს გადახდილი“ | კრაიოვამ ლიეჟის სტანდარდს უპასუხა
რამდენიმე დღის წინ რუმინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია „კრაიოვას უნივერსიტატეას“ ქართველი ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის მიმართ ლიეჟის „სტანდარდის“ ინტერესის თაობაზე.
ახლა კი, როგორც გამოცემა DigiSport-ი წერს, ამ საკითხზე „კრაიოვას“ საპატიო პრეზიდენტმა, სორინ კარტუმ ისაუბრა.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შეთავაზება ექნება [„სტანდარდის“ მწვრთნელ] მირჩა რედნიჩს. ანზორ
მექვაბიშვილში ფული გვაქვს გადახდილი და იაფად ვერ დავთმობთ.
არ ვიცი, რა სტრატეგია შეიმუშავა სამწვრთნელო შტაბმა. გადაწყვეტილება მირელ რადოიმ უნდა მიიღოს - ჩვენ დავიმატეთ ტუდორ ბალუტა, სამუელ ტელეში და ალექსანდრუ კრეტუ, ამიტომ ნახევარდაცვაში პრობლემები არ გვაქვს“.
ცნობისთვის, ლიეჟის „სტანდარდის“ სპორტული დირექტორი მარკ ვილმოტსი, რომელიც წარსულში ცნობილი ბელგიელი ფეხბურთელი გახლდათ, მექვაბიშვილის აგენტს მურატ ერდოღანს უკვე დაუკავშირდა და მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა - მხარეებმა პირადი კონტრაქტის დეტალებზე იმსჯელეს.
აქვე გეტყვით, რომ „კრაიოვამ“ მექვაბიშვილი თბილისის „დინამოდან“ 2024 წელს, 750 000 ევროდ შეიძინა. გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა რუმინული კლუბის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.