„ქართველი ვარსკვლავი მოდის“ - სამსუნსპორი გულიაშვილს უმიზნებს
თურქულ „სამსუნსპორს“ საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი გულიაშვილი შეძენა სურს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა SamsunHaber-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, „სამსუნსპორის“ თავკაცი თომას რეისი უნივერსალური შემტევის დამატებას ითხოვს, გულიაშვილი კი, რომელსაც შეტევაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გულიაშვილის ტრანსფერით კიდევ ერთი შავიზღვისპირული კლუბი, „ტრაბზონსპორია“ დაინტერესებული. ორივე კლუბი გულიაშვილის სანაცვლოდ 2-3 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
SamsunHaber-ი წერს, რომ „სამსუნსპორი“ „სარაევოსთან“ მოლაპარაკებებს უახლოეს დღებში დაიწყებს, თავად ფეხბურთელს კი თურქეთის სუპერლიგაში თამაში სურს და ამას კარიერაში წინ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს.
ცნობისთვის, გულიაშვილს ბოსნიაში წარმატებული სეზონი ჰქონდა - მან 37 მატჩში 16 გოლი და 5 ასისტი მიითვალა. გიორგიმ გასულ სეზონში ბოსნიის თასი მოიგო და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „სარაევოსთან“ მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.