“მოედანზე მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“ - დილას მწვრთნელი რასინგთან მატჩზე
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე თვეში გორის დილა მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. რიკარდო კოშტამ გუნდი დატოვა და მის ნაცვლად დიეგო ლონგო დაინიშნა.
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის დილა ლუქსემბურგის რასინგ უნიონთან ითამაშებს. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, ლონგომ კომენტარი გააკეთა.
ლონგო:
„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე – როცა ასეთი დონის ტურნირზე მონაწილეობ, სუსტი გუნდი არ არსებობს. ყველა უნდა დააფასო და თითოეულ შეხვედრას ისე უნდა მიუდგე, როგორც ფინალს.
ვნახე ორივე შესაძლო მეტოქის თამაში – ორივეს საკმაოდ ახალგაზრდული და დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მოედანზე უნდა გავიდეთ და მაქსიმუმი ვაჩვენოთ, რათა ყველა შესაძლო ეტაპი წარმატებით გავიაროთ.
თუმცა სანამ კონფერენს ლიგის მატჩები მოვა, მანამდე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა საქართველოს სუპერთასზე „იბერიასთან“ გვაქვს ჩასატარებელი. ამ ეტაპზე სრული კონცენტრაცია სწორედ ამ დაპირისპირებისკენ გვაქვს მიმართული, რათა შევძლოთ გამარჯვება და ფინალში გასვლა. აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი და ჩემს ფეხბურთელებთან ერთად ყველაფერს გავიღებ ამისთვის.”
შეგახსენებთ, რომ გორის დილა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 10 ივლისს სტუმრად გამართავს, ხოლო განმეორებითი დაპირისპირება 17 ივლისით თარიღდება.
წყარო - 1TV