„ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა მტკივნეულია“ | ტოლისომ მიქაუტაძეზე ისაუბრა
„ლიონის“ ფეხბურთელმა, კორენტენ ტოლისომ გიორგი მიქაუტაძის წასვლაზე ისაუბრა. „მარსელთან“ მატჩის შემდეგ ტოლისომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ქართველ თავდამსხმელს „ვილიარეალში“ წარმატება უსურვა.
„ზაფხულში ბევრი რამ მოხდა და ახლა მიქაუტაძის წასვლის შესახებ შევიტყვეთ. კლუბი ვალდებული იყო, ფეხბურთელი გაეყიდა და ვიცოდით, რომ მიქაუტაძის ან მალიკ ფოფანას გაშვებაზე იყო საუბარი. მიქაუტაძისნაირი ფეხბურთელის დაკარგვა მტკივნეულია, თუმცა ვფიქრობ, მის შემცვლელებს დავიმატებთ.
კლუბის მენეჯმენტს ბოლომდე ვენდობით. მათ უდიდესი სამუშაო გასწიეს და ლიგა 1-ში დაგვტოვეს. დარწმუნებული ვარ, ასე გააგრძელებენ და თავდამსხმელებს მოიყვანენ. გიორგის ვილიარეალში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს გამარჯვება მისთვის მიგვეძღვნა.“
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალს“ მიქაუტაძის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა. ქართველმა ფეხბურთელმა „ყვითელ წყალქვეშა ნავში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბი მის ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.